აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, June 12, 2011

გამიღიმილე

დილამ თავისი მოუსვენრობით შემახსენა თავი. ჯერ წამწამებს წაეთამაშა, მერე სახის ნაკვთებს დაურბინა, ბოლოს კისერი შეათვარიელა, თითებთან შეჩერდა, ცოტახანი მადროვა და წამიერი შესვენების მერე მძლავრად შემაფხიზლა...

პირველი ქმედება, როგორც წესი ფანჯარას ვესტუმრე, გახუნებულ გარემოს მზერა ვაჩუქე, არც კი შევიმჩნიე დაუვარცხნელ-აშლილ-დაშლილი რომ ვიყავი, ალბათ იმიტომ რომ ისიც ასე დამხვდა ამრეზილი, გახუნებული და უჟმური.

დილის რიტუალი თავისი მძაფრი არომატებით თავისთავად თანმიმდევრულად განმეორდა: მოზრდილ ჭიქაში ნახევარზე ჩასხმული, მომწარო და თანაც მოტკბო შავი სითხე. ეს კიდევ თხუთმეტი-ოცი წუთის უაზროდ დაკარგვა.

მაინც გამოუფხიზლებელი მდგომარეობით კარადასთან უაზრო დგომა არჩევანის ფიქრში:“ - რა ჩავიცვა?“ გეგონება ასარჩევი ბევრი იყოს, უნიფორმა: თეთრი პერანგი და შავი შარვალი, კაბა უკვე მომბეზრდა, არა უფრო სწორად ზედმეტია იმ სოროსთვის.

მზის სხივები დამხვდნენ გამცილებლებად, აბა ამ დროს ვის სცალია ჩემთვის ყველა თავის სტიქიაშია.

საათის ისრებმა ათის ნახევარი აჩვენა, პირველივე აფორიაქებული კლიენტი მოუსვენრად შემოვიდა, აშკარა იყო რომ ენანებოდა, არ ემეტებოად, არა და სხვა რა გზა ქონდა, ვალი ვალია და ვალდებულება კიდევ უარესი. თანამშრომელიც მორგებული ღიმილით შესციცინებდა და გაწერილი და უკვე სისხლში გამჯდარი მოძრაობებით, ქვითარით სალაროსკენ გაამგზავრა. ესეც ასე, კიდევ ერთი ჯიბე დაცარიელდა ან უკეთეს შემთხვევაში შემსუბუქდა, ფულს მაინც მძიმე წონა აქვს...

უსაქმურობაში და საქმიანი საათების მოლოდინში, ერთიანად რომ იციან მოყრა და მოვარდნა, არა ჩემი რიგია და ჩემს შემდეგ თქვენ იყავით და ასე გაუთავებლად, ხატვა შემომეძალა. ისე დასახატად იმდენი თემა იყო, შენ ოღონდ ამოგერჩია. დღის განმავლობაში ნახავდი ყველა ნაციას, ყველა კატეგორიას, დავარცხნილს, დალაგებულს, მარკებაწეულს, მოლაყბეს, სუნიანს, ძუნგლიანს, შარიანს, გამწარებულს, ისეთს შენზე რომ იყრის თავის ჯავრებს, ამ ყველაფერს დამატებული ცოტაოდენი ჩემი ფანტაზია და ნახატი კი არა და ნაჯღაბნიც მზად მქონდა...

არანომრალური საათების გავლის მერე ისევ უსაქმურობა და რატომაც არა მობილური ინტერნეტით სარგებლობა, მერე რა რომ სამსახურში ვარ, აბა ისე ინტერნეტით სარგებლობის საშუალებას არ გვაძლევენ და... სოცილაური ქსელი, ერთ დროს ნაცნობი და რაღაცნაირად მოწონებული და მერე ისევ გადაწონებული სახელი და გვარი უცნაური შნაარსით, რატომ დავიკარგე და თუ კი გამოვჩნდებოდი ჰორიზონტზე გავახარებდი.

რატომაც არა, ერთ დროს ხომ მაინც იყო მოწონებული, ცოტაოდენი ისევ ჩემი წარმოსახვა, ზედ დამატებული არტისტიზმი, ისევ უსაქმური საათებით მოცემული საშუალება და განხორციელებული ზარი ნაცნობ სახელთან და გვართან დადგმული შინაარსით - ამა და ამ სექტორიდან გაწუხებთ, მე ესა და ეს, სოციალურ ქსელში თქვენი შეტყობინების ნახვის შემდეგ და კიდევ იმის გაცნობიერების შემდეგ თუ გამოვჩნდებოდი გაგახარებდით, თქვენ ბატონო, ესა და ესავ.

არც თუ ისე უცნაური გაგრძელებით, გახუნებულმა დღის ფერებმა და დღის უჟმურმა რიტუალებმა რაღაცნაირად შეცვლა დაიწყეს.

მოცლილი და არანორმალური საათებისა და დღის ბოლოს უნიფორმის გახდის მერე ნაცნობი სახელი და გვარის არც თუ ისე დაგეგმილი და ხელოვნული შეხვედრა სრულიად მოულოდნელ და ძალიან რეალურ სურათს მიახლოვდა.

ძველმა წარმოდგენებმა მსხვრევა დაიწყეს და პირველივე დღეს ძალიან დიდი ემოცია და დამოკიდებულება დაგვიდო ცხვირწინ უბრალო გასეირნებამ, თუმცა რაღა უბრალომ, ძალიანაც ბრალიანმა.

ზედმეტად სიმართლემ წამოყო თავი და იმ დღიდანვე არ მოგვცილებია გვერდიდან. თუ სიმართლეს არ ლაპარაკობდა უბრალოდ ჩუმდებოდა და მაინც ჩვენს გვერდით იყო.

უღიმღამო გათენებები დღითიდღე ღიმღამიანი ხდებოდა და მეც ვხვდებოდი რომ ერთ დროს მოწონებული და მერე გადაწონებული ისევ ძალიან მოსაწონი გახდა და ორივე ერთად კიდევ უფრო მოწონებულები აღმოვჩნდით ყველასთვის.

გაღიმილებული დღეებით შედგა ზუსტად 6 თვე, არანაირი ცუდის მოლოდინში...

წამოგვეწია ყვითელი, არა დამჭკნარი გარემოს ფერი, რამაც არა მარტო ბუნებაზე, ჩვენზეც საგრძნობლად იმოქმედა. ყოველი გამომშრალი ფოთოლის ჩამოვარდნა თითოეული ტოტიდან ჩვენს ღიმილიან ერთადყოფნას უღიმღამობისკენ მიყავდა სიტუაცია. გამოფიტული ფერების პალიტრამ ესეც არ იკმარა და სუსხი მოგვაწია კვალდაკვალ. დავიჩემე მზე ჩემშია მეთქი, მაგრამ არც ამან მიშველა, ისიც კი წამოგაძახე გამწარებულ გულზე: "აღმოსავლეთით მზის სხივებს დავახვედრებ, უფრო მეტად გამათბობს მეთქი, მაგრამ არც მზის სითბომ უშველა იმდენად მიჩვეული იყო დასავლეთის სუსხს, მაინც სიცივე დამახვედრა წინ...

რამდენადაც მოულოდნელი და ძნელად დასაჯერებელი იყო ეს სიცივე, იმდენად ნაცნობი და რეალური აღმოჩნდა ჩემთვის და ჩემი სამყაროსთვის...

აღარ შეგიშალე ხელი, ჯობდა წასულიყავი, ეს სითბო შენთვის ნაადრევი აღმოჩნდა, შენ იქ სიცივეში დაიბადე, იქ გაიზარდე და ის სიცივე შენთვის მეტად მშობლიურია ვიდრე აქ, ჩემთან - აღმოსავლეთის სითბო და სიყვარული..."

დეკემბერმა დეკომბრობა მაგრძნობინა. მარტოობამ ჩამოგვისეირნა ორივეს და დავრჩი გამოღიმებული. უღიმღამობას უიმედობა დაემატა და ყოველი დილის რიტუალს - უაზრო, ჩუმი ფიქრები.

ყველაფერთან ერთად ყოველი გაწერილი და გაწელილი დილაც შეიცვალა. უნიფორმა დავკეცე და ყველაზე გამოუყენებელ ადგილას შემოვდე.

ახალი ფურცლის გადაშლა დავიწყე და არ ვიცოდი პირველად რომელი ასო მომეხაზა და ამის მიხედვით დავიწყებდი შინაარსზე ფიქრს. ახალ ფურცელზე ასო კი არა სიტყვები ჩამოვწერე, მაგრამ იმდენად უშინაარსო და ურთიერთგამომრიცხავი იყო ერთმანეთისგან რომ ეს გვერდი ერთ სრულ შინარსს არასდროს მომცემდა.

ვიფიქრე მერამდენედ გადავშალო ახალი ფურცელი, ის ძველი ხომ ჯერაც არ დამიხევია, არ გამინადგურებია, ვერ გავიმეტე, საგულდაგულოდ გადავმალე, ჩემთვის ჩუმად გამოვიღებ, გადავშლი და ისევ იმ ლამაზი და დალაგებული შინაარსის წერასა და გაგრძელებას დავიწყებ...

ყოველგვარი წყენის გარეშე წამოწყებული ძებნა, მიმოწერა, ნახვა, გახსნა, ახსნა და ისევ კითხვის ნიშნის დასმა და თანაც მერამდენედ. ვცდილობ, ვეძებ, იქნებ მივაგნო იმ დიდ წერტილს, რომელიც ამ შინაარს სჭირდება, რათა შეიკრას, გამთლიანდეს, დასრულდეს და მერე ახლის დაწყების საშულება მოგვეცეს, მაგრამ არა, წინ მხოლოდ დიდი კითხვის ნიშანია და არ მაძლევს საშუალებას წერტილის ძებნა დავიწყო.

მჭირდები... გჭირდები... რომ გაგვიღიმლდეს გამოღიმებული დღეები!!!