აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Thursday, January 13, 2011

მივრბიხარ და ნეტა სად...

... მირბიხარ... წინ მხოლოდ სინათლეა, ისე რომ ვერაფერს ხედავ რა გელოდება, რას გადაეყრები, რა შეგაფერხებს ან რა გადაგეღობება... უკან იხედები და მხოლოდ მაშინ ხედავ წინ გავლილ გზას და მხოლოდ მაშინ ხედავ თუ რამდენი რამ გაგივლია ისე რომ არც დაფიქრებულხარ რა შეიძლება მომხდარიყო. სირბილს განაგრძობ... წინ ისევ არაფრისმთქმელი სინათლე და თან ძალიან მიმზიდველი, იმდენადაც კი, ვინმემ რომ გითხრას შეწყვიტე მისი ყურებაო, შიეძლება განრისხებისგან გულიც გაგისკდეს... არა და უაკნ მიხედვისას რა თვალნათლივ ჩანს ყველაფერი, ჩვენი თითოეული ნაბიჯი... და მაინც სულ წინ მივრბივართ და ის განვლილი გზა ხან ძალიან უკანაც კი ჩამოგვრჩება, მაგრამ არ მითხრა რომ ვეღარ ხედავ, არ მითხრა, რომ შენი თვალთახედვა ამხელა მანძილს ვერ წვდება... ის გზა ხომ შენ გაიარე, ის გზა ხომ შენ აირჩიე და შენ განსაზღვრე ყოველი მიმართულება... და მაინც არ გიყვარს უკან მოხედვა, იქ სადაც ყველაფერი ცხადი და უკვე გააზრებულია...

მე ასეთი და მე ამნაირი...

შედიხარ და გრძნობ, რომ უკვე იცვლები... უახლოვდები და თითქოს გარდატეხა ხდება შენში... დგახარ და თითქოს მისგან მაინც შორს ხარ... გინდა შეეხო და თან ვერც ბედავ... შეეხე, სულში ჟრუანტელი გივლის... გინდა ესაუბრო, თითქოს მუნჯდები, წამიერად ირინდები... მხოლოდ უყურებ და თითქოს თვალსაც ვერ უსწორებ... მერე ისევ დაბლა ხრი თავს და უფრო ახლოს მიდიხარ, თითქოს გინდა რომ ასე აგრძნობინო რა გტკივა და რას განიცდი ასე მწარედ... არა და როგორ გინდა, რომ იგრძნოს და შეისმინოს... გინდა, რომ მარტო იყო, მხოლოდ შენ იყო მასთან და მხოლოდ შენი ესმოდეს იმ დროს... ამ დროსაც კი ეგოიზმმა იჩინა თავი. ამ დროსაც კი კუთვნილების სურვილმა დაგატყვევა... არა და თან ყველაზე უსუსური ხარ მის წინაშე და ყველაზე მეტად გინდა აგრძნობინო შენი დანაშაული და შენი სინანული... რა უცნაურია, ისევ ორი უკიდურესობა აღმოჩნდა - ყველაზე დიდი სინანული და ყველაზე დიდი ეგოიზმი... ის ხომ წმინდაა.. ის ხომ არავისია და თან ყველასია... ის ხომ................. სიტყვებიც კი უძლურია მასთან, არამც თუ მე... და მაინც უფრო ახლოს მივდივარ... მაინც ვეხები... მაინც ვეამბორები, მე ასეთი, მე ამნაირი... ვგრძნობ... ვივსები სინანულით და უფრო მეტი უთქმელობით... მინდა მოვეფერო... მინდა მეტად ვიგრძნო, მაგრამ ამისიც კი მცხვენია, ასე სახალხოდ, ასე ყველას დასანახად... არა და ვხედავ, სხვა მოკრძალებით შორს დგას... ამან უფრო ამაღელვა... დამამორცხვა... მეტად მაგრძნობინა ჩემი გადამეტებული კუთვნილების ინსტიქტი... ის ყველასია და არა მარტო ჩემი... მაგრამ ისე ვერ ვგრძნობ, ისე ვერ ვესაუბრები... ისე უსულოა და ისე მხოლოდ წარმოსახვაა... თვალები? თვალებში ვერ ვბედავ, მე ასეთი და მე ამნაირი... ისინი შორიდანაც ცოცხალია და შორიდანაც იგრძნობა... ისინი წმინდაზე წმინდაა... ისინი მეტყველებენ და ისინი მეტად გაგრძნობინებენ იმას, რომ იმაზე მეტად უსუსური ხარ ვიდრე შენ, ხო შენ, ან ნებისმიერ ჩვენთაგანს გონია... და მაინც ვერ ვუყურებ და ჩუმად, ქურდივით ვცდილობ უფრო ახლოს მივიწიო, უფრო მეტად შევეხო, თავი მივადო, თითქოს ასე მადლს ვპარავდე, თითქოს ასე მეტად ვაგებინებდე რა მტკივა და რა მაწუხებს, თითქოს ასე ჩემთანაა...

... მაცხოვრის ხატთან...