აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, March 13, 2011

ვიცი რომ...

ვიცი რომ დასასრული ახლოსაა... ვიცი რომ მალე სამი წერტილის ნაცვლად ერთი წერტილი დაისმევა და თანაც ისე, რომ არავინ არავის არაფერს კითხავს, საერთოდ არაფერს, ან რა უნდა კითხოს...

ვიცი რომ გათენდება და მერე ისევ დაღამდება... ვიცი რომ საათის ისრები ისევ თავისი მიმართულებით იმოძრავებენ და ისიც ვიცი, რომ დრო არავის არაფერს შეეკითხება ისე განაგრძობს სვლას... ან ვის რა უნდა კითხოს, მაინც არავის არაფერი ესმის...

მე ისიც ვიცი , რომ ყველას გიყვარვართ, ოღონდ, თქვენებურად და არა ჩემებურად... ალბათ, ამიტომაც მგონია, რომ მარტო მივუყვები ამ უცნაურ ბილიკებს, სადაც არავინ მხვდება...

ვიცი ეს ბილიკებიც სადღაც დასრულდება და ვინ იცის ამ ბილიკებს დასასრული სად აქვს ან კიდევ როგორი აქვს...

ვიცი რომ აღარ მეშინია... ხო, აღარ მეშინია თქვენნაირი სიყვარულის... ის უკვე ნაცნობია და ის უკვე არსებულია...

ვიცი რომ უნდა ვიარო ამ ბილიკებზე და ვიცი რომ ჩემნაირი სიყვარული იქამდე უნდა ვეძებო სანამ დრო დამასწრებს და იმ ერთ წერტილს დასვავს...

ხო ვიცი, ვიცი, ნუღარ ჩამყვირი! ნუღარ მიმეორებ! მე უკვე ვიცი, რომ შენ დრო გქვია სახელად და ისიც ვიცი, რომ სამი წერტილის ნაცვლად ერთ დღეს დამისრულებ და მხოლოდ ერთადერთს და ძალიან მკვეთრ წერტილს დამისვავ...

Wednesday, March 9, 2011

უცნაური თამაში


რაღაც უცნაურ თამაშს ვთამაშობ, საფეხურებზე დამაყენეს და წინ მივიწევ... რამოდენიმე ნაბიჯი წინ და წამიერი შესვენების მერე ერთი ან ორი ნაბიჯი უკან, ისიც თუ გაგიმართლა, თუ არა და სამი-ოთხი საფეხურისთვისაც კი შეიძლება გაგიმეტონ... არ იცი რომელ საფეხურზე რა დაგხვდება... არც ის იცი რომელი საფეხური იქნება დაბალი ან რომელი იქნება ძალიან მაღალი, შეიძლება საფეხური საერთოდ არც დაგხვდეს და გადახტომა მოგიწიოს იმისთვის, რომ წინსვლა შეძლო... არა და ამ თამაშს ისე ვთამაშობ არავის უკითხავს მინდა თუ არა საერთოდ თამაში... ფაქტია ვთამაშობ, ვცდილობ მეტით წავიწიო წინ და მეტი საფეხურის ავლა თუ გავლა მოვასწრო... არა და კაცმა რომ მკითხოს თამაშის მოყვარული სულ არ ვარ... ფაქტი კი მტკიცეა - ვთამაშობ და მერე როგორ... არ ვინდობ საკუთარ თავსაც კი... ერთი ნაბიჯი წინ... ფრთხილად რა იცი... ან იქნებ ვინ იცის...