აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Thursday, December 29, 2011

მზე ჩემშია

„მთელი სამყარო ახლა ჩემშია და ერთი ციდა მზე დამყავს გულით. სადაც წავედი თან წავიყვანე, ჩვენ ერთმანეთის სუნთქვაც კი გვესმის“ - ეს ვთქვი და დავდუმდი, თითქოს მეუხერხულა, შემეშინდა არ გამკიცხონ, არ გამლანძღონ მეთქი... მერე და რისთვის? იმისთვის რომ თავად სითბო და სიყვარული შევიყვარე და თავად მზე გავიხადე ჩემი და ჩემად?

ასე სიჩუმეში დავემალე საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს.

არა და როგორ მელამაზა ეს გულიდან ამოსული სიტყვები, როგორი წამიერი გაელვება და სულიდან სუნთქვას ამოყოლილი სიტყვები იყო.

არა და როგორ ათასში ერთხელ მეწვევიან ხოლმე ეს გრძნობები და მაშინაც კი იმის შიშმა გამაჩუმა ვაი და სხვას არ მოეწონოს მეთქი...

ისევ სიჩუმეში გამოხვეული ჩვეულებრივობა გვირგვინს მადგავას თავზე ყოფიერებისას და მატერიალურობისას. ასეთ დროს ხომ უწყვეტი აპლოდისმენტები მეძღვნება ყველასგან, შენც ჩვენიანი ხარ და შენც ჩვენნაირი ხარო. სიჩუმის ნაცვლად ახლა ხმაური შემომელამუნა.

რამდენადაც თავს ვიწონებდი ამ გვირგვინში და რამდენადაც თავს ვუკრავდი სინქრონში გაბმულ აპლოდისმენტებსა და შორიდან შეძახილ „ბისებს“ იმდენად ახლოდან თვალს მისწორებდა ჩემიდან გამოსული სიჩუმე თავისი სულიდან სუნთქვასამოყოლებული სიტყვებით...

... და ერთი ციდა მზე დამყავს გულით...

... ჩვენ ერთმანეთის სუნთქვაც კი გვესმის...

არა და როგორი ჩემია... როგორ მიყვარს და როგორ მაცოცხლებს... მხოლოდ ჩემი წილი მზე მიყვარს და მხოლოდ ჩემი წილი მზე დამყავს გულით...

აღარ გავჩუმდები! ის ჩემია, ჩემშია და მუდამ ჩემთანაა. შეძელი და გახადე შენი და შენად. შეძელი და შიყვარე თავად სითბო და სიყვარული, ხო სიყვარული, რატომ გაიკვირვე?! აბა რას ელოდი თავად მზესთან ?!

ჩემი ხელითვე მოვიხსნი გვირგვინს და თავად მე გავაჩერებ გამაყრუებელ აპლოდისმენტებს... და ახლა ხმამაღლა ვიტყვი - მზე ჩემშია...

Thursday, December 8, 2011

მე მზესთან ერთად ღიმილით ვივლი!

Tuesday, December 6, 2011

ქაოსური ბოდვანი

ღამის როიალს გასწყრომია უჩინარი კომპოზიტორი ნუ თუ სიყვარულისთვის?! ...

მშვიდი საღამო ჩამოიღვარა დედამიწაზე, უხილავი სითბოთი გაივსო ჰაერი. სადირიჟორო პულტთან "უჩინარი" სიმფონია იღვრება. სასიხარულო მოლოდინის უწყვეტ ჯაჭვად აიკინძნენ ბგერები, ნეტავი რატომ?! ...

ტაძრის გუმბათს მზის ბოლო სხივი ჩამოეღვარა და გაუჩინარდა. უკიდეგანო სიმშვიდის ფეხის ხმას მინდა გავყვე უსასრულობისკენ...

ზღვის ვიწრო ბილიკს, ტალღების ზედაპირზე მზისკენ გავყვები... მერე და ეს გზა ნეტავ სად მიმიყვანს???

რა ლამაზია სიმშვიდის ფერი, მზე, ზღვა და ...

რა უსუსურია ზოგჯერ გონება გულთან...

Sunday, November 27, 2011

აკრძალული ხილიაო

„ბავშვია და გაიზრდებაო“, თავზე ხელის გადასმა იყო და ოთახიდან გადიოდა ...
ბავშვი იყო და მართლა იზრდებოდა ...
ბავშვი იყო და ნელა ქალად იქცა ...
ბავშვი იყო და დღეს თავზე ხელს აღარავინ უსვამს ...
დღეს უკვე დიდია და დღეს უკვე ქალია!

„გაიზარდაო და დაქალდაო, თავზე ხელსაც ვეღარ გადავუსვამო“ - გულში გაიფიქრა და ახლა ოთახიდან გასვლაც ძალიან გაუჭირდა, ერჩივნა იქ დარჩენილიყო, თუნდაც შორი-ახლოდან ეყურებინა და საერთოდ არ შეხებოდა ...

და რა შეიცვალა იმ ბავშვობიდან ამ დაქალებამდე? მას ხომ ყოველთვის იცნობდა და მას ხომ ყოველთვის ხედავდა, რა მოხდა იმ ერთ დღეს, როცა ძალიან ეძნელა ოთახიდან გასვლა? ის ხომ ისევ ის იყო და ის ხომ ისევ იმ „ოთახში“ იყო? თუმც კი ფაქტი ერთია - დღეს გაუჭირდა... დღეს გული აუჩქარდა ... დღეს სულ სხვა რამის თქმა სურდა მაგრამ ...

კიდევ ერთხელ გაიფიქრა როგორ გაზრდილაო და თითქოს ხელი ჩაიქნია, აკრძალული ხილივით გვერდზე გასწია თავისი გრძნობა - სურვილები და ძალიან დიდი ხნით აღარ შესულა იმ ოთახში ...

პატარა გოგონა კი თავისთვის იზრდებოდა. მის გარეგნობას მეტი ქალურობა და სილამაზე ემატებოდა, თითქოს ფერმწერი ყოველ დღეს თავისი ფუნჯებითა და საღებავებით ახალ შტრიხებს ამატებდა მის პორტრეტს, რომლებიც დღითი-დღე მეტად შესამჩნევი ხდებოდა.

მართალია ოთახში აღარ შემოდიოდა და თავზე ხელს აღარ უსვამდა, მაგრამ აკრძალული ხილი რისი აკრძალული ხილია თუ მეტის ფარული სურვილები არ აღძრა ... არც ის აკრძალულობა აღმოჩნდა გამონაკლისი და ფარული ხერხებით მაინც ახერხებდა დაკვირვებასა და მონახულებას.

დრო კი არც ერთს უყურებდა და არც მეორეს, ის თავისთვის განაგრძბობდა სვლას, არც კი ღელავდა, თითქოს, იცოდა რაც მოხდებოდა. უბრალოდ ხანდახან შეახსენებდა ერთმანეთს თავს ცხადად, თუმც კი ფარულად ერთმანეთი სულ ახსოვდათ, მაგრამ ის ხომ თავის დროზე პატარა იყო და ის ხომ „აკრძალული ხილი“ იყო.

დროის მსვლელობასთაბ ერთად მოულოდნელ - დაუგეგმავი შეხვედრები... წამიერი გადაჭარბებული სურვილების ასრულებები, „მეგობრული“ საუბრები... გაურკვევლი სიახლოვის შეგრძნებები, საგულდაგულოდ დაფარული ემოციები, შინაგანად გულდაწყვეტილი დამშვიდობებები და ისევ დღეების იმ სტატუსით გავლა - „აკრძალულიაო“.

დრო და გრძნობები ძალიან გვანან ერთმანეთს. როდის იყო ისინი ვინმეს რამეს ეკითხებოდნენ?!!! დრო გადიოდა.. გრძნობებიც თავითვის იზრდებოდა, ივსებოდა და ბოლოს ისე გადაივსო რომ აღარავის დახმარება - მიშველება დასჭირვებია, თავისით გადმოიღვარა, თავისით აშკარავდებოდა ასე საგულდაგულოდ დაფარული ემოციები, სითბო, მონატრებები, ერთმანეთის ნახვის სურვილი, ისიც კი შეძლეს და თქვეს: „რაღაცნაირად მათბობო“, თუმც კი ძალიან ჩუმად არავინ გაიგოსო. ბოლოს ეს შიშიც ჩაიძირა გადმოღვრილ გრძნობებში და ახლა ფაქტი ისაა, რომ მათთვის ხელისშემშლელი აღარ არსებობს:
- აღარც „პატარაა და გაიზრდებაო“ !!!
- აღარც „აკრძალული ხილიაო“ !!!
ახლა მათ ერთნი ქვიათ სახელად - ბედნიერება!!!

Saturday, November 19, 2011

მარტო

კიდევ ერთხელ დაღამდა და კიდევ ერთხელ დავრჩი მარტო,
სულმა ჩუმად გამიმხილა ვივ ვიყავი, ვინ ვარ ამ დროს,
ფიქრი მიქრის, ძილსაც მიშლის, დღემ საჩუქრად სევდა მარგო,
ნეტავ რატომ არ სრულდება ბრძოლა, მტრობა მე ხომ მაქრობს...

ვიცი ისევ გათენდება, მზე ამოვა, შენ არ მოხვალ
მერე ისევ დაღამდება, სევდა ჩემში კვლავ ალდება
ცრემლი ჩუმად დაიღვრება, ბალიშს სველი კვალი რჩება
ჩემი ფიქრი ღამეს რჩება, თენდება და სევდაც ქრება...

Monday, November 14, 2011

ღამის სეირნობა ციცინათელებთან ერთად

...........................................................................................................................................................
- აი მოხვედი.
- კეთილი იყოს შეი ფეხი. გახსოვს დაგპირდი ჩემს გადამალულ ნაფიქრალს მოგიყვებოდი.
- კი
- ეხლა ვეცდები დავიწყო .
- და იქნები ბოლომდე გულახდილი?
- კი თუ შემპირდები, რომ არავის არ...
- მენდე!

..............
“ღამის სამი საათია და ყველაფერი რიგზეა. ღამის დარაჯი ლეოპოლდინო.
... ასე მგონია მეც ღამის დარაჯი ვარ, ოღონდ, ყველაფერი რისთვისაც უნდა მეყარაულა დიდი ხნის წინ მოიპარეს და ახლა მარტო გაცრეცილ, თითქმის, გაშავთეთრებულ მოგონებებსღა ვდარაჯობ ისე რომ არც ვიცი კარგად სად არის.

... ღამის სამი საათია... არ მინდა ოდესმე ისიც დამავიწყდეს რას ვდარაჯობდი.

... ღამის სამი საათია და მაინც არ მძინავს, ვიცი დილამდე არ დამეძინება და აღარც მინდა. ეს ცხოვრება ტაქსის მძღოლს გავს რომელსაც არასდროს დანიშნულების ადგილზე არ მიყავხარ. უნდა ეცადო არ აფორიაქდე, არ შეგეშინდეს, საკმარისია ფანჯარაში გაიხედო, წვიმის წვეთების მიღმა მუდმივად მოძრავ სლაიდებში შენი ბავშვობის მომენტები ამოიცნო, რომ მაშინვე მიხვდები მარტო არ ხარ და ტაქსში კი არა უზარმაზარ ავტობუსში ხარ, სადაც შენი ნებით ამოხვედი ისე რომ არ გიკითხავს სად მიდის და აღარც ვინმეს კითხავ სად მივდივართ? ჯობია წვიმის წვეთებზე ელაპარაკო გვერდითმჯომს.
მინდა რო გაწვიმდეს. ან თოვლი მოვიდეს...
... ამ წერილს დილით წავიკითხავ და სისულელედ მომეჩვენება, მაგრამ არ მეწყინება, ყოველთვის ეგრეა, რაც ღამის სიმარტოვეში და სიჩუმეში დიდი და მნიშვნელოვანი გეჩვენება დილით ბოდვას ემსგავსება. დილა ძველშუმერული სიტყვაა და ღამის დავიწყებას ნიშნავს...”

- ...და ამას წაგიკითხავ კიდევ, მეტს ჯერ ვერა...

“არის ხოლმე წამები, რომელიც გატეხილი სარკის ნაწილს გავს, რომელშიც მხოლოდ შენი ერთი ნაწილი ჩანს. ჩანს მარტო ბავშვობაში ჩაბეჭდილი განცდა, რომელიც დღესაც ისეთივე ბუნდოვანია, როგორც ჩვენს დაბადებამდე იყო და ვერ ხვდები გტკივა თუ გეფხანება გული. ყოველთვის, როცა იხედები თითქოს რაღაცას იხსენებ, რაღაცას ხვდები, თითქოს უნდა ამოიყვირო სახელი, მაგრამ ყოველთვის ერთი ნაბიჯი გაკლდება რომ მიაღწიო და ისევ რაღაცნაირს ვეძახით. ის ლეკვს გავს, რომელიც გამვლელს აეკიდება და მთელი სიცოცხლე დასდევს ისე, რომ ვერ გაიგებ უნდა თუ არა ჩვენგან რამე, ან რომელს რომელი სჭირდება - ჩვენ ის თუ იმას ჩვენ. ეს შენი ძლიერების ნაწილია ბაი. ის ლამაზია. გიყვარს ვიცი... მეც... მაგრამ ამ დროს დაუძლეველი სურვილი გიჩდნება გაარღვიო ეს წამი, ერთდროულად იყო ყველგან, ყველასთან და იყო ყველანაირი, რაც კი ყოფილხარ და მომავალში იქნები, გინდა ატომური ბომბის ტალღასავით კატასტროფული სისწრაფით გავრცელდე და მთელს დედამიწას მოედო. თან გზადაგზა ამ სარკის ყველა ნაწილი მოძებნო, რომლებიც ზოგი ძირს გდია, ზოგი შენს გარსშემომყოფებს უჭირავთ ხელში, ზოგი მათ სულიერებაშია ღრმად. ზოგის მაგივრობას ვინმეს თვალები გაგიწევს. შენი ადგილი იქაა, სადაც ამ ნატეხებს შეაგროვებ.”

... ბაი ეხლა ჩემ ბავშვობაში ვიხეტიალე.
- იცი მეც რომ მაქვს დაწერილი ამაზე? ანუ სარკეზე, რომელსაც ნახევარი მხარე სულ დაბზარული აქვს, ნახევარი კი მთელი.
- ჩემი დატეხილია და გაბნეული. ჩემთან უარესადაა საქმე. ...იცი გრანელი სიჩუმეს რას ეძახდა? “ჩემი უნაზესი და სიჩუმე”…...
- მე კი სიჩუმეში სულ სხვა რაღაც დავინახე…
- რა თქმა უნდა, ის მამაკაცია... იცი რა არის ჩვენს ნაწარებს სშორის განსხვავება? მე ჩემთვის ვწერ შენ შენსას წერ, მაგრამ სხვისთვის და ცდილობ ლამაზად წერო.
- მე არ ვცდილობ ის ყოვეთვის თავისით მოდის
- ........ მჯერა.
- პირველად ფურცელს ვესაუბრე, მერე კი გავჩუმდი და კალამს მოვკიდე ხელი.
- მართლა კარგია, მე მომწონს,… ღრმა არის და ტკივილით სავსე. საერთოდ უტკივილოდ ვერაფერს დაწერ. ყველაფერი დიდმა ტკივილმა და სევდამ შექმნა. სინათლეზე რომ წერ ჩემშიაო, ძალიან ლამაზია. მე ასე მაქვს, ძალიან ბევრი ვიფიქრე და ერთ მუჭში მოვაქციე: ციცინათელა სინათლისგან მარად ორსული... ასე ერქვა მოთხრობას, მაგრამ აღარ მახსოვს. ძალიან მოკლე იყო, ლამის ლექსამდე დაყვანილი.
- ძალიან ლამაზია...
- მე ვიცი შენ რაც გჭირდება უფრო გასაზრდელად. Fოლკნერი წაგიკითხავს?
- არა...
- იქით მიდიხარ შენც. მიმდინარეობას ქვეცნობიერის ნაკადი ქვია. Pპირველი მარსელ პრუსტი იყო, მერე ჯეიმს ჯოისი და მერე ფოლკნერი. ამ მიმდინარეობის არსი არის აზრის აღწერა მისი დაბადებისთანავე. ძალიან დიდი სამყაროა. Aახალ სამყაროს აღმოაჩენ. როგორც ჯაზი ისეა მწერლობაში. იმიტომ არ გირჩევ მე რომ მომწონს, უბრალოდ ვთვლი, რომ გაგამდიდრებს.

-...აღარ ვიცი საით უნდა წავიდე. ყველა გზა მოვსინჯე, სრული სიმშვიდე კი მხოლოდ ღამე ვნახე, ისიც საკუთარ თავში.
- ყველა ადამიანი ქვეცნობიერად თავის თავისკენ ილტვის ...
- ძიებას ყოველთვის საკუთარ თავამდე დავყავარ. მე კი ერთ ადგილას ვერასდროს ვჩერდები. აი ჩემი უმთავრესი პრობლემა ეს არის.
- ლელა, შენ ტანჯვისთვის იმეტებ თავს. დამიჯერე, მაგ გზას არ აქვს დასასრული. მე ვერ ვნახე ...
- ასე მგონია მხოლოდ მაშინ ვიქნები კარგად თუ კი არასდროს გავჩერდები.
- შენი თავი უნდა იპოვნო მოძრაობაში და არა დანიშნულების ადგილში.
- ვიცვლი გარემოს... ადამიანებს... აი ეს სიტყვა “ადამიანი” უკვე მეზიზღება შენ ჩემგან განსხვავებით ადამიანი გიყვარს, მე კი აღარ... ყოველთვის ტყულს ვაწყდები და ეს მთრგუნავს.
- ბრძოლის ველამდე ვერ მიაღწევ. ადამიანში მე ჭეშმარიტება არ მიყვარს, იმიტომ რომ ვიცი არ არის... მე ადამიანში ბრძოლა მიყვარს. ვიცი ზოგი ჩლუნგია და სულ თეთრდროშააფარებული დადის, მაგრამ, ლელა, მაგ ბრძოლაში ვერც მე და ვერც შენ ბრძოლის ველამდე ვერ მივაღწევთ. უნდა ვიაროთ...
- იცი რა მჭირს? მეგობრებშიც კი მხოლოდ სამი–ოთხი კაცი შემომრჩა, ვისაც რეალურად მეგობარს ვეძახი. თუ შევიყვარებ უაზროდ მიყვარდება. მთლიანად ვიხარჯები მათთვის... აი იმათშიც თუ დავინახე ის რაღაც ტყუილი და ბუტაფორია მერე მართლა ცუდად ვარ ხოლმე.
- შენ სიყვარულის უნარი მაიცნ შეგრჩა. მე – არა. “ბუტაფორია”- იცი როგორ მაწამებდა და მაწამებს ეგ სიტყვა?!
- მე კი რეაქცია აღარ მაქვს... პირიქით, ახლა სიკარგე და სიმართლე მაკვირვებს...
- ყველაზე ცუდი რა მჭირს იცი? აღფრთოვანების უნარი დავკარგე...
- ახლა იცი რა ვიცი? ჩემს ყველა ფრაზას ზუსტად ისე გაიგებ, როგორც მე მესმის... არსებობს ნაწერები, რომლებიც არავინ იცის. იმ ნაწერებს არ ვანადგურებ და არც დღის შუქზე გამომაქვს. ის ჩემია და ჩემშია... უბრალოდ პატარაა და უცნაური...
- ლელა, მეცოდები ამხელა ტვირთით, თან ვამაყობ შენით. იცი მე და შენ როგორები ვართ?- წარმოიდგინე, ზამთარში, თოვლში გაყინულ-გათოშილი და მარტო უზარმაზარ ტვირთს მიაჩოჩილაებ მთაზე. ზევიდან ვიღაც, ლამაზ ფერებში ჩაცმული, ჩაგიქროლებს მზის სათვალეებითა და თხილამურებით, ჩვენ ცოტახნით გავაყოლებთ თვალს, შუბლიდან ოფლს მოვიწმინდავთ და...
- იცი მე არ ვიტყუები როცა ვიძახი, რომ დახუჭულ თვალს მიღმა კაშკაშა სინათლეს ვხედავ... მართლა ვხედავ!
- ვიცოდი!
- რა იცოდი?
- რომ ხედავდი...
- მართლა ვხედავდი, მართლა!
- ვიცოდი ბაია...
- საათის ტიკტიკზე სრულ მელოდიებს ვქმნიდი ჩემს წარმოსახვაში... ძალიან სავსე ვიყავი, იმდენად სავე, რომ ხმამაღლა ვიყვირე ერთ დღეს, ისე რომ არავისი არ შემრცხვა. და რა ვიყვირე იცი? _ მზე ჩემშია! ხან ისე ვიღლები მინდა ვინმემ ხელი მომკიდოს და სულ ორი ნაბიჯი მაინც გადამადგმევინოს.
- შენ იცი იქ რა არის მთის წვერზე?
- ვიცი... არის ის, რისი ნახვის მერეც ვიტყვი, ამისთვის როგორ მოვიკალი თავი მეთქი და უფრო ზემოთ დავიწყებ სიარულს. უკურნებელი სენით ვარ დაავადებული. ამ სენს უცნაურად აღვწერ: წამის წინ მომხდარი ჩემთვის ძველია და ეს სიძველე შავ-თეთრი ფერია. იცი ახლა როგრო ვარ ?
- როგორ?
- იმხელა ემოციით ვარ სავე, რომ ძალიან დიდი სივრცე მჭირდება, ისეთი სივრცე, სადაც ჰაერიც კი სისველითა და სიცივით იქნება სავეს. სადაც დაუსრულებელი, უკიდეგანო გარემო იქნება, სადაც დასასრუილს მოლოდინი არ იარსებებს.
- გინდა ატომური ბომბის ტალღასავით გავრცელდე და მთელს მსოფლიოს მოედო...
- იცი ერთ ღამეს რა გავაკეთე? როგორც ყოველთვის არ მეძინა არც მე და არც ჩემს ნაძვისფერ ოთახს ... გარეთ კი ძალიან თოვდა... ფანჯარა გავაღე და თოვლის სუნს მივეძალე. მივხვდი რომ სახლში არ უდნა ვყოფილიყავი. მხოლოდ ერთი ნაქსოვი, თეთრი ზედით გავიპარე. თოვლი... მთვარე... მე და ღამე... უბრალოდ ვიარე...
- ლელა, შენ ცოცხალი ხარ, სიცოცხლეზე მეტად ცოცხალი...
- სულ სველი და გალუმპუი ამოვედი...
- შენ პატარა გაქვს ყველაფერი... სიყვარულიც...
- ჩემი ცხოვრება მთლიანად გამოგონილია.
- არა, გამოგონილი რომ იყოს ამდენი ტკივილი არ გექნებოდა.
- ახლა თითქოს გხედავ... არც იღიმები, არც იცინი... მაგრამ სახე იმდენად მოშვებული გაქვს, რომ ეგ ემოცია ღიმილის ტოლფასია... ძალიან მოშვებული ხარ... გინდა რაღაც დაწერო, მაგრამ თითქოს გრძნობ რომ ასეთ დროს სიტყვები ზედმეტია. ეს სიჩუმეც კი ძალიან ბევრის გამომხატველია... მე ამას მართლა ვგრძნობ...
- მართალი ხარ... არ მიყვარს სიტყვები... ჩვენ ამდენი ვილაპარაკეთ და ერთი წამის სიჩუმეს ვერ ვაჯობეთ.
- იცი რამდენჯერ მქონია ისეთი წამები, როცა მინატრია, ნეტა ამ ადამიანმა ახლა ხმა არ ამოიღოს და სიტყვებით ეს სილამაზე არ დაამახინჯოს მეთქი.
- იმიტომ რომ შეუძლებეია ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. შეუძლებელია გულიდან ენამდე სიტყვა არ დაბერდეს...
- იცი ახალ სამალავს მივაგენი... იმდენად გავურბოდი ყველას და ყველაფერს, რომ არ ვიცოდი სად წავსულიყავი.
- ლელა, ნუ გარბიხარ...
- სახურავი, ვარსკვლავები... იდუმალი ფერის ცა... ჩემნაირი მუსიკა და გულაღმა წოლა. ... თვალს როცა არ აცილებ ცას, თან როცა სხვას ვერაფერს ხედავ. ამას დამატებული ჩემი წარმოსახვა... სულ სხვა განზომილება ჩნდება... ხან იმდენად შორს მივდიოდი, უკან დაბრუნება მიჭირდა.
- ლელა, შენ უნდა წერო...
- მე ერთი ვიცი: მარტო იმისთვის მაინც ვიცოცხლებ და იმისთვის მინც ვიქნები ძლიერი, იმაზე მეტად ვიდრე თვითონ მე წარმომიდგენია... რომ მე უნდა შევქმნა... მე უნდა შევიყვარო... რომ ვიგრძნო როგორ შეიქმნება ის ჩემში და მერე დაიბადება.
- მეც მეძინა სახურავზე... ერთი მხირადნ გადმოავრდნის შიში, მეორედან გადმოვადნის იმედი, ცაზე კი მთელი ჩემი სამყარო...
- ხედავ? მე ის ვთქვი, რაზეც შენ არ საუბრობ. მაგრამ ის ხომ შენშია... მე ჩემით მივაეგნი იმას რაც შენშია... ლეკვისთველბისფერთვალება ჯამბაზი კვდება...
- იცი ჯამბაზები ვართ ყველანი, ოღონდ მე და შენ იმით ვჟონგლიორობთ, რაც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ გულწრფელები ვართ. სხვები ფლიდები ვაშლებივით გვიდგანან გვერდით.
- იცი რას ვგავართ? სადღაც ფანჯრის რაფაზე მიგდებულ პატარა ფურცელს... ფურცელს, რომელზეც წერია... მზისგან გაყვითლებული და დეფორმირებული... თითქოს დამახინჯებული... იმდენადაც კი, რომ არავის უჩნდება სურვილი ნახოს თუ რა წერია ამ ფურცელზე...
- მზემ ხომ მაინც გაგვაყვითლა, ღირსად ჩაგვთვალა, ჩვენი წილი მზე ხომ მაინც გვყავს... ჩვენშია... შენშია... ჩემში ალბათ უფრო მთვარეა...
- მთელი ცხოვრება ახლა ჩემშია და ერთი ციდა მზე დამყავს გუილთ... სადაც წავედი თან წავიყვან, ჩვენ ერთმანეთის სუნთქვაც კი გვესმის.
- მთელი ცხოვრება ერთ გაელვებაშია მოქცეული და ეს გაელვება ახლაა, ამ წამს, ისე რომ ხელში დაიჭერ და დააკვირდები, შეხედავ როგორია და გაგიკვირდება, პირველად ცხოვრებაში გაოცდები. უყურებ და გეშინია, რომ ვერ დაიმახსოვრებ. არ იცი რა იფიქრო, არც იმედებს გიცრუებს და არც შენს ტანჯვას ამართლებს. დევს ხელისგულზე, თითქოს არც კი ყოფილა არასოდეს.
- ყოფნა არყოფნის არსი მითხარი... რაც კი ყოფილა ბოლოს მაინც აღარ არსებობს.
- მართალი ხარ. და რაც არ არსებობს... ჩვენც და ჩვენი ტკივილიც გაქრება, როგორც ღამე ქრება ხოლმე.
- არსი არსის ძიებაშია...
- დღეს აქ, ამ ადგილას ჩავდოთ სანიშნე, ისე რომ არ ამოვარდეს და არ დაგვავიწყდეს სად შევწყვიტეთ... ისე რომ გაგრძელება ნებისმიერ დროს შეგვეძლოს...
- იცი რას ვფიქრობ?
- ?
- შენ და მე გუილთ ვცხოვრობთ, ოღონდ ტვინის ნიღაბი გვიკეთია. ყველა სიკარგე და აპლოდისმენტები ნიღაბს ხვდება, გულამდე მარტო ცუდი, ტკივილი და სევდა აღწევს.
- სწორედ, ეს ცუდი მასწავლის იმას თუ რა არის ღირებული და ყველაზე ლამაზი ამქვეყნად.
- ჩემი ცხოვრება სევდის ზღვას გავს - გულიდან თვალის უპემდე. მერე დავიკარგები და არავის ეცოდინება რატომ დავიკარგე.
- მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავის საძიებლად წახვედი იქ სადღაც შორს, სადაც უფრო მეტად დაიკარგე და უკან ვეღარ დაბრუნდი.
- კი და სინათლე ვნახე, მერე ვიფრინე თვალიდან მიწამდე და დავინახე... პირველად ცხოვრებაში აღარ მეტკინება ალბათ გული.
- ნუღარ გამიღვიძებ იმ მიძინებულ სულის ნაწილებს... აღარ მინდა...
- კაი...
- ხო და ვიყო ყველასნაირი!!!
- კაი ლელა, მართალი ხარ... არ მინდოდა, მეც მიძინებული მყავს და მეც არ მინდა... ლელამ წეროს და შენ იცხოვრე.
- ... არ ვიცი რატომ არ გიჩნდება სურვილი შენს გვერდით ვინმე შენნაირი გყავდეს, ისეთი რომელიც ზუსტად შენნაირად თუ არა მიმსგავსებულად მაინც დაინახავს იმ რაღაცას და ოდნავ მიანც იგრძნობს ისე როგორც შენ გრძნობ.
- ცოდოა, მეცოდება, ის ვინც მიყვარს ჩემზე უკეთესი მინდა რომ ყავდეს, ჩემი სევდითა და ტკივილით არ დავუმახინჯებ ცხოვრეას... არის ხალხი ვისაც შუძლია მათ ხალისი აჩუქოს... არ მინდა ცხოვრება გავურთულო ვინმეს. იშვიათად მიღებს ვინმე ბოლომდე...
- ხო და ის იშვიათი მომენტი დაიჭირე, მიიღე, გაითავისე და გაუფრთხილდი. აღარ იყო მარტო! ამას მართლა გთხოვ... არა და ხომ იცი რომ ძალიან თბილი ხარ, თანაც ძალიან. სიბნელეში ნუ გამოიკეტები ჩემსავით...
- კი თბილი ვარ, იმდენად, რომ იმის მეასედსაც ვერ ვიღებ სხვისგან...
- ეცადე კარი მაინც შეხსნა, რომ მზის სხივს თვალი ისევ შეაჩვიო. გაიხსენე რა ლამაზი იყო ის სითბო და სინათლე... და ხომ იცი რომ ის დანაკლისი ჩვენ ყოველთვის გვექნება.
- მე არ ვარ ლელა გამოკეტილი... ჩემი ოთახი ჩემშია... აი რა არის ჩვენს შორის განსხვავება.
- როგორც ჩვენ გავცემთ ისე ვერასდროს ვერ მივიღებთ იმ სითბოს... განა იმიტომ, რომ არ უნდათ დაიხარჯნონ, არა, უბრალოდ მათ მეტად დახარჯვა მართლა აღარ შეუძლიათ.
- შენში მზეა და ოთახში ხარ... მე მზეზე ვარ და ოთახია ჩემში...

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

- სანიშნე ძალიან მომწონს... ნაძვისფერი ოთახი ძალიან პოეტურად ჟღერს...
- ის მართლა ნაძვისფერია.
- ხო ერთ დილას ჭერი ჩამომენგრა... მოვასწარი საბანის გადახურვა, მაგრამ მაინც მომხვდა. მერე ძილი გავაგრძელე...
- ასე უემოციობა როგორ შეგიძლია?! რატომ გაყინე შენში გრძნობები?!
- რთული კითხვაა... თვითონ გაიყინა... ასე მგონია წინასწარ ვიცი ყველაფერი ან უკვე განცდილი მაქვს.
- მთელი გულით მიდნა ვინმე გამოჩნდეს შენთვის და მხოლოდ შენთვის, იმდენად შენთვის, რომ დღისითაც და ღამითაც მხოლოდ შენთვის არსებობდეს არა საუბრით, არა მოქმედებით, არამედ გრძნობებით. იმდენად უცნაური და არანორმალური გრძნობებით, რომ აგაღელვოს, შეგძრას, აგაფორიაქოს, დაგაკარგვინოს საკუთარი თავი და თავიდან დაგაწყებინოს ძებნა ისე რომ იმ საძიებელ გზებზე ისიც თან გამოგყვეს.
- “სხივნარ გვირგვინებს დავადგავ თავზე, მას ვინც გულს მატკენს ან ამაღელვებს”... გალაქტიონის ლექსი გამახსენე... მადლობა ლელა, მაგრამ არ ვიმსახურებ. არ გეცოდება? ის ვინც ჩვენთვის უნდა იცხოვროს თავის ცხოვრება არ უნდა? წარმოიდგინე აბა რა საშინელ დღეში იქნება. ალბათ ამიტომ გავიყინე გრძნობები ასე რომ ვფიქრობ.
- ქვიშის საათი ამოვაბრუნოთ...
- უნდა დატოვო ის ადგილი კიდევ ერთხელ. უნდა წახვიდე, იმოგზაურო, ცოდო ხარ ერთი ადგილისთვის. პატარაა ეგ ადგილი...
- მე ვარ სული, სხვის სხეულში გამოკეტილი... ასე რომ სხვისი ცხოვრებით მიწევს ცხოვრება.
- არა ლელა, შენია ეგ სხეული, მშვენიერი სხეული, რომელიც ერთგულად გემსახურება და უნდა გიყვარდეს. შენი ხელები, სახე, თვალები შენი ბინაა- თბილი კარგი და საყვარელი.
- ქვიშამ დაიწყო დაღმასვლა. ჩვენ წავედით... ჩემნაირო...

- შენ უკვე მზეზე ხარ ლელა. ბევრ რამეს მოგიყვები რაც საჭიროა რომ იცოდე...
- იცი რა მიხარია?
- ?
- ის, რომ მენდე.
- მჯერა შენი
- ვიცი. ვგრძნობ
- როგორ ფიქრობ გაბედული ხარ?
- იმაზე მეტად ვიდრე საჭიროა...
- რამესი გეშინია?
- შიშს რაც შეეხება ძლიერი ქარის ხმა მაშინებს, შეუძლია ხმამაღლა მატიროს. ასე მგონია საშინელ ქაოსში ვხვდები ქარის დროს.
- მე მხოლოდ მისტიური შიში მაქვს. პირიქით მიყვარს ის რისიც შეიძლება ადამიანს ეშინოდეს. ... ლელა შენ თავგანწირული ხარ და სხვისგანაც იმავე თავგანწირვას მოელი. მართალი ვარ?
- არ ვიცი...
- როგორ არა, მაგალითი ხარ თავგანწირულობის...
- ახლა სიამოვნებით ვიტირებდი, ან ძალიან ბევრს ვისეირნებდი, თუნდაც მარტო, მაგრამ..............
- ?
- სადმე, ზღვასთან ახლოს. წყლის ხმა მჭირდება.
- წვიმა?
- ერთხელ ისიც კი ვთქვი, რომ მხოლოდ ტალღებს ესმის ჩემი... წვიმა მაქრობს და არ მიყვარს... არმიყვარს მისი სახეზე შეხება... მთავარია არ მეხებოდეს...

- რაღაცნაირად ვარ დღეს, არ ვიცი რა მჭირს. ძალიან ვცდილობ რამე შევცვალო.
- დაიღალე ალბათ, დასვენება გინდა. ზუსტად ვიცი რაც გჭირს... შენ ჯავშანი გაქვს დაზიანებული და ყველაფერი მოქმედებს შენზე. მერე აღარ იცი რა გინდა, რაღაც დიდი გინდა და თან არ იცი რა... არც ისი იცი გინდა თუ არა... ერთდროულად გინდა იყო ყველგან და თან არსად.
- ძალიან ახლოს ხარ ჩემს სულთან... ძალა აღარ მყოფნის, იმისთვის რომ ამ სიცარიელეს გავუძლო. აღარ მინდა სულ მე ვიყო ინდიკატორი... ხომ შეიძლება ახლა მაინც მივენდო სხვას და მთლიანად მასზე გავხდე დამოკიდებული.
- მერე რა ბაია, სიცარიელეს არ სჭირდება გაძლება...
- ასე მიმართავდი შენი წერილის ადრესატს, ახლა მე მომმართავ იმავე სიტყვით _ “ბაია”
- ბაია ჩემი მოსაფერებელი სიტყვაა, ვისაც ბავშვივით მინდა მოვუარო და მოვეფერო ხოლმე. იმ გოგოს ბაიას ვეძახდი. ბაი ბაიას მომდევნო ეტაპია...
- იყო დრო, როცა ბასასუნა მერქვა. ბასასუნა, ბასუნია, ბასუ, ბასბასუნა... დღეს კი ეს ფრაზები ურბალოდ დაიმარხა.
- მე მინდოდა ბაიას დამარხვა მაგრამ არ ვქენი, ეს ჩემთვის ჯადოსნური სიტყვაა...
- იცი რამდენჯერ ვცადე ამომეღერღა ეს სიტყვა კიდევ ერთხელ, მაგრამ ასე ვერავის მივმართავ, უბრალოდ არავის არ ეკუთვნის და არ ერგება...
- არც არის საჭირო თუ არ თვლი... მე პირიქით... ამ სიტყვამ მეტი შეიძინა ჩემში და უფრო დამძიმდა. მე არ მეშინია თუ ვინმეს დაუმსახურებლად დავუძახებ, მთავარია მე ხომ ვიცი რასაც ნიშნავს ბაია...

- ამ წამის ოცნება გინდა გითხრა? უღრანი ტყე მინდა, შუა ტყეში ჰამაკი და დავიძინო, ვერავინ რომ ვერ მომაგნოს და არ გამაღვიძოს...
- ხომ იცი რომ იქ სულ ვერ დაიძინებ? სანამ არ შეიცნობ დ სანამ არ გაითავისებ იქაურობას.
- იცი როგორ ვიცი უკვე იქაურობა. მთელი ცხოვრება მაგ ადგილზე ვფიქრობ. აბსოლიტური სიმშვიდე იქნება.
- შეგიძლია ის სუნი აღმიწერო?
- ვეცდები... ტყეს უცნაური სუნი აქვს... თითქოს იქ სადაც მე ჰამაკი დავკიდე ოდნავ სველი მიწის სუნი სიძველის სუნთან ერთად ირევა. ჰაერი ცივია, როცა ფილტვებში ჩადის, კანზე არანაირად არ იგრძნობა. აქ ტყე ცოტახანს ჩუმდება. მე რომ მხედავს საუკუნეების ხეტიალის მერე ჩერდება და მიყუერბს. უნდა ამოიცნოს ვინ ვარ... რატომ ვარ... აქ რატომ ვწევარ...
- მარცხენა თვალისა და ღაწვს შორის იმ პაწაწინა ნაწილზე გკოცნი გუილთ, სადაც სწორედ, რომ გულის ცემა იგრძნობა... მე წავედი... შემდეგი გაჩერება... ლეკვისთვალებისფერი ჯამბაზი იპარება...
- პირველი რგოლი ვარდება სცენაზე...
- ამ ფრაზებს ნეტა დასასრული ექნება? რთულია დაასრულო ფრაზები, რომლის გაგრძელებაც ყოველთვის შესაძლეებლია... მერე და რა ადვილია დასრულება... მაგრამ უნდა დასრულდეს?
- ...............................................................
- მორჩა....

- სიამოვნებით განახებდი ჩემს ნებისმიერ ჩანაწერს. შენ განახებდი, მაგრამ ნებისმიერს ვერა. იმიტომ, რომ იმიტომ!..... კი არ განახებდი, ისეთ იშვიათობას მოვახდენდი, რომ ჩემს ჩანაწერებს ხმამაღლა წაგიკითხავდი... ეს მხოლოდ რამოდენიმეჯერ მოხდა... როცა ჩემსას რამეს ვკითხულობ, თითქოს, იქ ვარ ისე გამომდის.
- ახლა ვნანობ, რომ დავწვი. ნეტა შენ გქონდეს და კითხულობდე ჩემს ნაწერებს. ოღონდ მერე შენ უნდა დაგეწვა. ნეტა როგორი იყო აღარ მახსოვს... მარტო ცეცხლიღა მახსოვს. არა და ვფიქრობდი სულ მემახსოვრებოდა, სულ ჩემთან იქნებოდა. მე კი მხოლოდ ცეცხლის და გაბრუების მოგონებები მაქვს და სიცარიელე. ისევ ის სიცარიელე, ძალიან სავეს რომ არის და ვერ ერევა სამყაროს სიცარიელეში.
- ახლა ვეღარ წერ?
- ახლა აღარ მიდან წერა. ახლა აღარ მაქვს უფლება დავწერო. უნდა, რომ ამოვიდეს, მაგრამ მე დავკარგე უფლება წერის.
- იცი ერთი და იმავე სიტყვებით ვსაუბროთ... მე ვიძახდი, მტვრიან ლაბირინთში დავდივარ და მთლიანად გათხვრილი ვარ მეთქი. შესვლა ადვილი იყო მაგრამ გამოსვლა ძალიან მიჭირს...
- მე კიდევ წაქცეული ვარ, იცი რომ გაისვარე და ამას არაფერი ეშველება საიდანღაც ჩამესმის. მე ვისურვებდი რომ არ მგავდე... ცოდო ხარ ბაია. შენ უნდა იყო ლაღი... შენ უნდა იფრინო. შენ პეპელა უდნა იყო და არა ფარვანა, როგორც მე.
- აი ამწუთას, რასაც ფიქრობ დაუფიქრებლად მომწერე.
- გაფრინდი! ცარიელი ვარ და ვიტანჯები.
- არა და რა სავეს ხარ და რა თბილი.
- არა იმიტომ, რომ ცარიეი ვარ, რაღაც მისტიური სასჯელი მაქვს ალბათ. სევდას ვერ ვერევი და ისე შემომეჩვია ვერ ვხვდები სად იწყება და სად.....
- იცი რა წარმოვთქვი ერთ დღეს ხმამაღლა? “ფიქრებს შევუყვარდი” - მეთქი.
- ხო... მაგ ფრაზაზე ბევრი ვიფიქრე, იმდენად ბევრი რომ...
- რომ... და სად დაიკარგე?
- აქვე, ჩემში
- იცი რომ მიხარიხარ?
- რატომ ლელ?
- იმიტომ, რომ იმიტომ...
- შენნაირი რომ ვარ?
- .....................................................
- ?
- არა, იმიტომ, რომ ხედავ... იმიტომ რომ გრძნობ და აღიქვამ... იმიტომ რომ ზედაპირზე არ ხარ.
- და რა მოაქვს ამ ყველაფერს? რაც უფრო ბევრს ვხედავ, მით უფრო სევდით იღებება ყველაფერი... მტვერი ედება ჩემს ცნობიერებას... და მით უფრო გამოუსადეგარი ვხდები სხვებისთვის. მარტოობა შემიყვარდა... ბრბოშიც, რომ ვიყო, მაინც ძალიან კონკრეტულად მე ვარ და მარტო ვარ. არ შემიძლია სიბინძურეს გვერდი ისე ავუარო, რომ არ დავისვარო და ყველაზე ბინძური მე გამოვედი ალბათ... შენ ალბათ არ გქონია ასეთი შემთხვევა, როცა ჩხუბობ თავიდან სახეს უფრთხილდები. ერთი და ორი დარტყმის მერე ხვდები, რომ შენი სახე უკვე შეიცვალა და თითქოს მოგეშვა... უფრო გამეტებით იწყებ ჩხუბს. ახლა მე ასე ვარ. ვხვდები, რომ ისეთი სახე აღარასდროს მექნება, როგორიც მქონდა და არ ბრაზდები. პირიქით, ფიქრობ ნეტა როგორია ახლა ჩემი სახე.... ბაია...
- ....იცი რას მივხვდი? იმას რომ ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ამდენს ვგრძნობ... აღვიქვამ... შემიძლია ნებისმიერი კარგი გავითავისო.
- და გული არ გტკივა, გული?
- ესეც კარგია რომ გტკივა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვგრძნობთ...
- კი მე ბედნიერებას სიმშვიდის წამებში ვგრძნობ...
- ხან იცი რა მინდა? მინდა, რომ ჩემი სიყვარულით ყველა გავათბო... ყველას მოვეფერო და ყველას რაღაცით დავეხმარო, რითიც კი შემიძლია... ამას მართლა ანგარების გარეშე გავაკეთებ.
- ღმერთი იყოს შენი შემწე... მერე, იმას ვისაც ერთი წუთით დაუთმობ მაგ სიყვარულს, რა ეშველება როცა წახვალ სხვის გასათბობად? უფრო დიდი ტანჯვისთვის არ იმეტებ?
- კი მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ ეგოიზმი იჩენს თავს? არ შემიძლია მხოლოდ ერთს გადავაკვდე... ძაან უცნაურობებით ვარ დატვირთული.
- ლელა, მე სიკეთე ის მგონია რომ ადამიანი იმაზე მეატად არ დატანჯო ვიდრე იტანჯება.
- და რატომ უნდა დავტანჯო?
- აჩვენებ ბრმას სინათლეს და მერე წაართმევ...
- ახლა რას უსმენ?
- არაფერს ლელ... სიჩუმეში ვზივარ...
- და სიჩუმის ხმაურს უსმენ?
- ხმაურს და მძვინვარებას, მაგრამ მძვინვარება ჩაქრა და რაღაც ხმაურია... დაეძინა ალბათ... მე ვიცი როგორ დავთრგუნო დაუპატიჟებელი სტუმრები... აქ მე ვბატონობ ხმაურზეც და მძვინვარებაზეც.
- ნატვრით რამე გინატრია?
- სულ...
- იცი ნატვრა ხელოვნებას რომ შევადარე? და ვაღიარე, რომ ხელოვნების ამ დარგს კარგად არ ვიცნობ...
- საინტერესოა... შაგრენის ტყავი გამახსენდა... მე აღარ ვოცნებობ...
- ამ წუთის ნატვრა მომიყევი... გთხოვ... უბრალოდ, რაც ამ წუთას დაიბადება...
- ფეიერვეკი მინდა... ეს მინდა, სხვა არაფერი... ის, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ფეიერვერკს უყურებ...
- მე სხვა რამე მიდნა
- ?
- აი, თუნდაც ახლა, მინდა, რომ ძაან ბევრი შემეძლოს და ძაან ბევრზე ვზრუნავდე... იმდენად ბევზე, რომ ძაან ბევრი გავხადო ბედნიერი. მინდა ყველა მიუსაფარი ერთად შევკრიბო და მათ მოვუარო.
- ლელა, მომწონს ზოგჯერ სევდიანს, რომ გხდი... თავს დამნაშავედ ვგრძნობ... შენ უნდა იფრინო. გაფრინდი და დამტოვე... ცოდო ხარ...
- ნუ მთხოვ! მე არ მიდნა...
- კაი ბაია...

- “გადის ყოველი წუთი და ყოველი წამი... მიფრინავენ ლამაზი დღეები, მეც ვიზრდები, უკან ვიხედები და უკვე მენატრება ის განვლილი წლები... რამდენი რამე იცვლება ყოველ დღე ჩემს გარშემო. მათთან ერთად მეც ვკარგავ ძველ სახეს და რაღაც ახალს, უცხოს და უცნაურ ნიღაბს ვირგებ. ხან მომწონს ეს ნიღაბი, ხან კი საშინლად მაღიზიანებს. მერე და როგორია ეს გამოგონილი თუ ქვეცნობიერად ჩემეული ნიღაბი?_ ლამაზი? მდიდრული? იქენბ არც ლამაზია და არც მდიდრული. აბა როგორია?! აი ეს არის საკითხავი როგორია ჩემი ნამდვილი სახე, ან როგორ ხედავს სხვა ჩემს რეალურ პიროვნებას. იქნებ სხვისთვის ერთფეროვანი ვარ ან პირიქით... თუმცა მე ჩემი სახე სხვანაირი წარმომიდგენია...
ახლა საკუთარ თავს შემოდგომის პაწაწინა ფოთოლს შევადარებდი, თუმცა ვიყავი ხასხასა მწვანეც, დედის მკერდს მიბმული, ნელ-ნელა წამოვიზარდე, დრომ შემცვალა: ცოტა გავიზარდე, ფორმა შევიცვალე, “ფერები” აირია ჩემში. კარგად თუ დამაკვირდები სულ ყვითელი არ ვარ. ასე მარტო უგუნურნი მხედავენ. კარგად დამაკვირდი და დაინახავ რამდენი ფერია ამ პაწაწინა შემოდგომის ფოთოლში, რომელიც დედას მოსწყვეტია და ჯერ კიდევ ჰაერში ნავარდობს. მოასწარი და დაინახე ეს ფერები. ნახე ლალის ფერი, სულ ცოტა ოქროსფერიც, კიდევ დააკვირდი გთხოვთ! ხედავთ ახლა მარგალიტისფერსაც ამჩნევთ. გიშრისფერსაც ამოიცნობ, კონტურებს დააკვირდი. მოასწარი დაინახო, თორემ ძირს დავეცემი, შეიძლება სხვამ ფეხი დამადგას და წამებში ნაწილებად ვიქცე. გაქრება ჩემში ფერთა პალიტრა. ნეტავი დამინახავ ყველა ფერში? თუ მხოლოდ ყვითელი ვიქნები შენთვის?!!!
წეღან ნიღბები ვახსენე და ისიც ვიკითხე როგორია ეს სახეები. მარტო თაბაშირით როდია შექმნილი ისინი. არა ჩემო კარგო, შეხედე და დაინახავ ათასფერ მაქმანს, სხვადასხვა ძვირფას თვალს, კი უბრალო თვლებიც არის გამოყენებული იმისთვის, რომ უბრალოებამ მეტი სისადავე შესძინოს ჩემს პიროვნებას. აი გიშერი. იცანი ხომ?! ეს ჩემი თვალებია. ლალი? ალბათ ათამდე თვალი დაითვალე... კი, კი, ეს მართლა ჩემი ტუჩებია. სპილოს ძვალიც ამოიცანი ხომ? მართალია ფერმკრთალია, მაგრამ ეს იმისთვის, რომ ღაწვები მეტად მორიდებულ ტონალობაში ყოფილიყო გამოძერწილი. არა მე არ ვარ ამ ნიღბით უკმაყოფილო. არ მიყვარს მკვეთრი ფერები. მირჩევნია სადა ვიყო, ისევე როგორც მარგალიტი. ის ალმასივით არ ბრწყინავს. მასსავით ძვირფასი არ არის. თუმცა იგი მეტად იდუმალია. იმდენად, რომ ოკეანის ფსკერზე იმალება, იქ სადაც მრავალფეროვნებაა და სადაც ამოუცნობი სამყაროა. ის სამალავიც არ ყოფნის და ნიჟარაში იყუჟება. როცა მას მოიპოვებ ძალიან სათუთია. იგი ფორმებსაც იცვლის ხელში მოძრაობისას. თუმცა როცა საბოლოო სახეს მოირგებს სამუდამოდ ინარჩუნებს თავის სილამაზესა და სისადავეს.
და მაინც გადის დღეები. მეც მარგალიტივით ვიცვლი “ფორმებს”, სულ ცოტაც და მოვირგებ საბოლოო სახეს... ვიქნები მუდამ იდუმალი და თან გულღია, ძვირფასი და თან უბრალო, ბრწყინავი და თან გამჭვირვალე. “

- ახლა მე გავგიჟდები, ლამის ერთი ერთშია ფოთოლზე. მეც მქონდა ზუსტად ასე დანახული. ზუსტად ასე...
- ახლა ხომ გჯერავს ჩემი? მჯერავს! წარმოუდგენელი მსგავსებაა.
- მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ უკვე დაგინახე. შენ კი ჯერ ვერ მხედავ, იმიტომ რომ მაინც არ გჯერავს ჩემი. მე კი დაგიჯერე.
- გხედავ ბაია, უფრო მეტიც, წარმომიდგენია როგორი ხარ მძინარე. ძილი ხომ ჩვენი ხელუხლებელი სამყაროა, სადაც ვერაფერს შეცვლი.
- დღეს პეპელა იყოს სანიშნე
- ამოვაბრუნოთ ქვიშის საათი... ხვალინდელ მთვარის ამოსვლას დაველოდოთ და არა მზისას...
- მზე ხომ შენშია
- და შენ ხედავ ამას?
- მე მზის სათვალეებით დავდივარ.
- ისევ ნიღაბი... ქვიშამ დაიწყო ძირსსვლა...
...................................................................................................................................................................................................

-იცი ახლა როგრო ვარ?
- ?
- ძალიან დიდ ხანს რომ იტირებს ადამიანი. ტირილის შემოდგომი ემოცია ხომ იცი. ისევ ბნელსა და ცივ ოთახში ვარ საგულდაგულოდ გამოკეტილი. უკვე გავიყინე და უკვე მტკივა კიდეც.
- ვერ გეტყვი, რომ მომწონს ეგ ამბავი. როდის დაგვიბრუნდები აქ, მზესთან ახლოს?
- მართლა არ ვიცი. სულ წრეზე ვტრიალებ. არა და აღარ მინდა აქ ყოფნა, ვერაფრით დავაღწიე თავი ამ კოშმარს. დავიღალე, მართლა დავიღალე. ამას ცოცხალი თავით არ ვაღიარებ დღის შუქზე, მაგრამ დავიღალე.
- ლელ... შენში რომელიღაც ნაწილს შეიძლება უნდა მანდ ყოფნა და იმიტომ ვერ გამოდიხარ. იქნებ მანდ ისვენებ ხოლმე.... შენ ბნელ და ცივ ოთახში?! შენ გაყინული?! არ დავუშვებ! კარებს შემოვამტვრევ და ბუხარს დავანთებ.
- ნეტავ ოდნავ მაინც გრძნობდე იმას, რასაც ახლა მე განვიცდი. ნელნელა ყველას ვკარგავ.
- თქვი...
- ვგრძნობ, მაგრამ სიტყვით ვერ გამოვხატავ და არც მიდნა ამის თქმა.
- არა ჩემო ბაია, შენ ძლიერი ხარ ვიცი, ძალიან ძლიერი. თუმცა ზოგჯერ გბეზრდება იყო ძლიერი და გინდა ვინმეს მიეყრდნო და ჩაგთვლიმოს. შენ ყველაფრის გადალახვას შეძლებ. მარტოც! მაგრამ არ ხარ მარტო...
- ბოლოს მაინც ისე გამოდის, რომ მარტო ვარ.
- რომელ ბოლოს ლელ? სად არის ბოლო? ნახე? მასწავლე სად არის თუ ნახე. მაინტერესებს მეც მარტო ვარ ბოლოს?
- მე მართლა მარტო ვარ.
- მეც მარტო ვარ. ვიცი რა არის სიმარტოვე, ვიცი სამწუხაროდ... მარტოობა... ლელ, ნეტავ შემეძლოს მთელი ჩემი ცოდნისა და გამოცდილების შენზე გადმოცემა.
- რატომ და რისთვის?
- რომ ფრთები დაიქნიო და გაფრინდე. შენ არ გინდა აღიარება, რომ გაფრენა შეგიძლია. შენ გიყვარს შენი ცივი ოთახი.
- არა... უბრალოდ ვერ გიხსნი ასე, არ შემიძლია... შემეძლო ძალიან ბედნიერი ვყოფილიყავი... შემეძლო გაფრენაც და ულამაზეს პეპლად ყოფნაც, მაგრამ ვერ ვქენი. და იცი რატომ? იმიტომ რომ მარტო საკუთარი თავის სრული ბედნიერებით ყველაზე დიდი უბედურება ვიგრძენი. არ შემიძლია მარტო ყოფნა არა!!!
- გაფრენაში არაფერია მარტოობის... ბედნიერება ეგოსიტების ზღაპარია. გაფრენას მე სულის გაშლას ვეძახი. შენ უნდა გაიშალო და იცხოვრო. ლელ... ნუ ჩაიკეტები მანდ. შედი და დაისვენე, რომ საკუთარი თავი არ დაგავიწყდეს, მაგრამ მანდ ნუ ჩაიკეტები. იყოს შენში, მაგრამ არა როგორც მთელი, არამედ, როგორც ერთი ნაწილი. მერე აღარ გაგტანჯავს. შენი სამყარო უდნა გიყვარდეს. უნდა დაინახო, რომ შენ შენს სამყაროზე დიდი ხარ. გაახილე თვალი და აანთე შუქი. შეცვალე თუ რამე არ მოგწონს. დაანთე სანთელი, აანთე ბუხარი და გააღე ფანჯარა. და საერთოდ, რაც გინდა ის ქენი. შენ ხარ აქ მბრძანებელი....

- იცი ცოტახნით აქედან მინდა წავიდე... სულ ცოტახნით მაინც. ძალიან მინდა გავქრე.
- სად?
- აი ეგ კი მართლა არ ვიცი.
- შენ იქ გინდა წასვლა სადაც შენ არ იქნები.
- ყოველთვის მგონია იქ უკეთ ვიქნები სადაც მე არ ვარ.
- მერე მასეთი ადგილი არსებობს?
- არ ვიცი... უბრალოდ მინდა ცოტახნით ყველას გავეცალო, საკუთარ თავსაც კი.
- მე ვიცი როგორც. სტიქია გინდა. წყალი... ცეცხლი.. ან ჰაერი.
- ორივე მართლა ჩემი სტიქიაა რომ იცოდე, არ ვხუმრობ... როცა ცეცხლს უყურებ მაშინ არსად არ ხარ, დააკვირდი. ცეცხლი ხომ გონებას თიშავს. ფიქრის საშუალებასაც კი გაკარგვინებს ადამინს. გგონია ფიქრობ და ამ დროს არაფერზე არ ფიქრობ…
- ხო. საიდან იცი შენ?
- ცეცხლს, რომ უყურებ, რაც მეტად დააკვირდები, მეტად ჩაგითრევს. გგონია სადღაც ვარდები. რომ დააკვირდები, დაინახავ ფერები როგორ ირევა. ბოლოს იმ ზომამდე მიდიხარ, რომ ცეცხლის ხმასაც კი ვეღარ გრძნობ. ისე შედიხარ მის ბობოქრობაში, რომ რაც უნდა დიდი სივრცე იყოს ცეცხლის მეტს ვეღარაფერს დაინახავ.
- ყოჩაღ... კარგი იყო მართლა. ჩანჩქერსაც იგივე ეფექტი აქვს, ოღონდ მძვინვარეა, ძლიერია…
- კი მაგრამ, ჩანჩქერის ხმა სულ მთლიანად არ ქრება. იქ რაღაცას მაინც გრძნობ.
- მართალია…
- სულში გადადის მისი ხმაურიანობა
- გარდაისახება, თითქოს გიახლოვდება და ვერც გიახლოვდება. თითქოს წრეს გიკრავს, შორიდან გათვალიერებს, საკუთარი ფიქრები შორი-ახლოს სეირნობს. შენი ჯერ არდაბადებული აზრები წრეს გირტყამენ. წრე ჩანჩქერიდან ჩანჩქერამდე - ასე დავარქმევდი ჩემს ბოდვას. ან რკალი…...
- წრე მირჩევნია. რკალი გახსნილია, წრე კი შეკრულია. რკალს დასაწყისი და დასასრული აქვს, წრე კი ერთი დიდი უსასრულობაა.
- რკალს თუ გააგრძელებ და მეორეს დაუმატებ, გექნება მიზანი, რომ შეუერთდე მეორეს და ბოლოს შეკრა.
- და მიაგნებ კი მსგავს რკალს? მიახლოებული დიდხანს ვერ გაუძლებს, ბოლოს მაინც გატყდება ის წრე და ისევ რკალი გახდება.
- მერე შთამომავლობა იტყვის, გაარღვია წრე და გაიჭრაო. სად? უფრო დიდ წრეში.
- მე პირამიდა მომწონს ძალიან.
- რას ფიქრობ?
- იმას, რომ ძალიან საინტერესოა. მისი შეკვრისა და გადაკვეთის წერტილიდან იწყება სწორესდ უსასრულო განშტოებები. ხმელეთზე უმცირესი ნაწილითაა დამაგრებული, მაგრამ მისი გაგრძელება რომ მოხდეს ცაში, უზარმაზარ პირამიდას მივიღებთ, ოღონდ ამობრუნებულს.
- მერე არ წაიქცევა ხომ?
- არასოდეს. იმიტომ რომ სიმძიმის ცენტრი, სწორედ, გადაკვეთის წერტილში მოდის. მას ვერაფერი წააქცევს.
- არა და რამდენი მოისურვებს მის წაქცევას. ზოგს არ უყვარს რამე, რომ მასზე აღმატებულია და მასზე დიდია, ვიდრე თვითონ. მე სფერო მიყვარს. უნაკლოა... უკუთხო. არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული. ვერსად ჩაერთვები, ვერსად შეუერთდები. თავისთავადია, დამოუკიდებელი და ვერავინ წააქცევს, იმიტომ რომ ერთბაშად წაქცეულიცაა და წაუქცეველიც. და არ აქვს აზრი დიდია თუ პატარა. დედამიწაა თუ ტენისის ბურთი. ხასიათი იგევა. თან შეგიძლია ითამაშო და გაეთიშო სამყაროს. აქ ხარ? თუ იქ ხარ სადაც შენ არ ხარ?
- ახლა მართლა არსად არ ვარ.
- ანუ არ ხარ
- არსად არ ვარ, არსად.
- გარემო არ არის? მარტო ხარ? ამიღწერე თავს როგორ გრძნობ.
- წარმოიდგინე სრული სითეთრე, ოღონდ განათებული. სითეთრე კი არა უფრო ცივი სითეთრე. გრძნობ?
- აფსოლიტურ ხმაურში გარდამავალი სიჩუმე...
- მაგას ვერ გაუძლებ
- არც არის საჭირო. ის თვითონ თავის თავს ვერ უძლებს და იმიტომ უნდა ხმაურში გადაიზარდოს, ოღონდ უნდა, რომ გამოგიყენოს, მარტო არ შეუძლია.
- სულ დავიკარგე, თან ძალიან დავიკარგე. თავბრუსხვევამდე მივედი.
- მანმადე არ იქნები დაკარგული, სანამ გინდა რომ დაკარგული იყო. დაბრუნდი! ჩვენ ყველას გვინდა დაბრუნება.
- იმ თეთრ სივრცეს, როგორ ფიქრობ, გაუძლებ?
- მე თუ შენ? ის თეთრი სივრცე იმისთვისაა, რომ მიხვდე რა არის მისი გაძლება. ის სივრცე არის დიდი ნიშანი იმისა, რომ უნდა დაბრუნდე. მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეგიძლია გაძლება – თუ შეერევი, მაგრამ ამას გაძლება აღარ ერქმევა. ეს სრული დამარცხებაა. მე ალბათ გავუძლებ ისე, რომ არ დავმარცხდები. იქით დავამარცხებ. ძველებურად ვერ დარჩება. რომელიმე უნდა დაეცეს. არც ამას ქვია გაძლება. ეს გამარჯვებაა. აიღე ხელში შეფოთლილი ხის ტოტი და შეიტანე, ოღონდ ცოცხალი. მერე იმ სიჩუმეში ეცადე გაიგონო როგორ ჩურჩულბეს პატარა სიცოცხლე... თუ გაიგონებ გაიმარჯვებ. თუ ვერა და დაეცემი. წარმატებებს გისურვებ, თუმცა არ მემეტები ამ ბრძოლისთვის.
- დაკვირვებიხარ ქარის დროს ფოთლებს?
- კი, საერთოდ ხეები მიყვარს. ფოთლოვანი... ფოთოლი ჩემია... აქ ხარ? რაზე ფიქრობ?
- აქ ვარ... ტიბეტზე ვფიქრობ?
- გინდა იქ ყოფნა?
- ძალიან...
- იქ ხომ შენი ცხოვრებით არ იცხოვრებ... შენ ხომ ტიბეტელი ბერი არ ხარ...
- არც მინდა რომ ვიყო... უბრალოდ მინდა რომ იქ ვიყო...
- მე შემიძლია ახლავე წავიდე იქ. შემიძლია ვაღიარო, იქ ტიბეტში ცხოვრობს ერთი ბერი და ბედნიერია, მშვიდია და მე იქ ვარ. ვაღიარო და დავიჯერო, გავითავისო, რომ ის არის იქ და არა მე და ამით შევუერთდები იქაურობას, ისე რომ არასოდეს ვიქნები იქ ნამყოფი.
- მასე არ მინდა. ეგ მეც შემიძლია... შემიძლია იმდენად იქ ყოფნა, სადაც არ ვარ, იმდენადაც კი, რომ ვიგრძნო სუნი და ფერები. ...........წარმოიდგინე, მე შენ და კიდევ ჩვენნაირი... კონტრგანათებული ოთახი, ძველებური ეკრანი, უზარმაზარი ბალიში სავარძლები, და ძაან შინაარსიანი და რთული ფილმი...
- ფუფუნებაა
- ჩიკი ჩიკი ჩე... ( იმედია გაიხსენებ)

(სტუმარტი ღამის გასეირნებაში)

- ერთ-ერთ ჩვენნაირს უჭირს... საუბრებს განახებ.

“ არა ია არა. თავის დაღწევა აუცილებელია. ირეალობაში ყოფნა ხომ არარსებობას ნიშნავს. ისედაც ცოტახანი ვცოცხლობთ და ისიც ნირვანაში? ნირვანა ხომ მტვრიან და სურნელოვან ლაბირინთს გავს, რომელიც გიზიდავს და უკან აღარ გიშვებს. იქ შესულს შველა გჭირდება, რომ თავი დაღწიო.
- იქნებ და არც ღირს თავის დაღწევა?
- თავის დაღწევა აუცილებელია. არ მინდა არარსებობაში. მინდა ვიგრძნო ის ტკივილიც და ის სიხარულიც, ის აღფრთოვანებაც და ის დაცემაც. “

- ეს გოგო ძალიან ღრმაა. ნელ-ნელა ქრება, შველა სჭირდება. არ მინდა, რომ ჩაქრეს.
- საიდან დაეწყო?
- მარტოობიდან, უნდობლობიდან...
- საიდან ეგ ყველაფერი, მაგალითად უნდობლობა. ეგ თუ გვეცოდინება ამოვიყვანთ.
- უნდობლობა იქიდან, რომ ძალიან კარგია და ბევრი მტერი ყავს გარშემო. იმდენად გრძნობს და იმდენად ესმის, რომ ძნელია მას მოატყუო. თანაც მძაფრად გრძნობს. მისი სულიერი სამყაროდან გამომდინარეა. სიმარტოვე არ ვიცი რატომ სჭირს.
- სად არის ახლა? ჩაძირულია?
- ძაან ღრმად.
- იქ უნდა ჩაყვეს ვინმე თავის ჩაკეტილობაში.
- სწორედაც, რომ ის ვინმე არ ჩანს.
- ხო ვინმე, ვისაც თუნდაც ორი სათით მაინც გადაუშლის გულს. ლელ, დაელაპარაკე და უთხარი, რომ ბედნიერია, იმიტომ რომ, იქ არის, სადაც უდნა, რომ იყოს. არ უნდა ჩაძირვა?
- აშინებს იქაურობა. მარტოობა კლავს. ვცდილობ ძაან არ შევძვრე მასში. მერე ვიცი უნდა დავიკარგო, მერე ძაან მზრუნველობითი ინსტიქტი იღვიძებს ჩემში. მერე ვეღარ მივატოვებ...
- ხომ იცი, რომ ტვირთად დაგაწვება.
- უბრალოდ ვაწვდი იმას, რაც მიმართულებას მისცემს. ის უბრალოდ “მთვრალია”.
- მოეშვა და ჩაიძირა. უთხარი რომ იქ არაფერია საშიში სადაც არის. დაათვალიეროს იქაურობა, ცოტახანი გაიაროს და ძალები მოუვა მერე. ახლა რომ ფორიაქობს და ეშინია ეგ ძალებს ართმევს. უთხარი დამშვიდდეს და იქაურობა შეისწავლოს. ისიც უთხარი, რომ იქ მისი ცნობიერება დასასვენებლადაა ჩასული. იქ მარტოა და თავისი თავი ნახოს, შეათვალიეროს. და იქიდან რომ ამოვა მერე უფრო დიდი იქნება და მერე უფრო მეტი ეცოდინება.

“ – შენ სადღაც ჩაიძირე, სადღაც ძალიან ღრმად. არც წყალია და არც სივრცე, თუმც კი წყალივით ლივლივებს. ქვემოდან უყურებ იმ სიღრმის ზედაპირს. უყურებ და თან თვალს გჭრის მზის სხივის ზედაპირზე დაცემა და არეკლვა. ცდილობ უფრო სიღრმეში ჩახვიდე, რომ ზემოთ უფრო თამამად ამოიხედო, ისე რომ მზემ თვალი არ მოგჭრას. თუმცა, რაც მეტად ჩადიხარ სიღრმეში უფრო ფრთხები. არა და რატომ? შეხედე, შენ ხომ შენი სამყარო გაქვს. გაიხედე გარშემო. ის ხომ ყველასგან განსხვავებულია. როგორი მრავალფეროვანია, უბრალოდ სიღრმეშია და უბრალოდ მანდ ყველა ვერ ჩამოვა. მაგრამ მე ხომ ჩამოვედი. მე ხომ შევძელი ჩამოსვლა... ხო და სხვაც შეძლებს.”

- ყოჩაღ, დასვენება უთხარი. მაგი ჭირდება ახლა. ლელ, დაიტოვე შენთვის რაღაც, ყველაფერს ნუ ანახებ... თვითონ იპოვნის იმედს და გაძლიერდება...

“ – წარსული სიბნელეა, მომავალი კი მზისკენაა მიმართული. უნდა გაძლიერდე.
- მე ახლა შავთეთრში ვხედავ ყველაფერს.
- როგორც კი მზე ამოვა ხმამაღლა თქვი, რომ შენ ძლიერი ხარ და რომ ეს სამყარო შენს ხელშია. შენი პალიტრა შენ შექმენი და ფერებიც შენ შეაზავე.
- შენ ბევრი არ მოგისმენს ასე მგონია, შეიძლება ზრდილობის გამო მოგისმინონ და იცი რატომ? ეგ ადამიანი რეალობისგან შორსააო.
- მერე და ხომ იცი, რომ ასე ყველასთან არ ვსაუბრობ.
- არა და რეალობას შენ უფრო კარგად უყრუებ და გრძნობ... იმიტომ, რომ შენ იცი ირეალობა და ზღვარს ავლებ მათ შორის.”

- ლელა თუ შველა გინდა სასწრაფოდ შეცვალე მიმართულება. გთხოვ შეცვალე ტაქტიკა! ცოდოა, უფრო აშინებ.
- რა ვქნა?
- ნუ ანუგეშებ და აიმედებ. დახშული აქვს ყურები. რომ ეწინააღმდეგები გიცილებს და მარტო საუბრობს, ობიექტი ხდება. დაეთანხმე ყველაფერზე და ჩაყევი ცოტა ხნით. უთხარი, რომ მართლა შავ-თეთრია ყველაფერი. ნახავ, თვითონ დაიწყებს უარყოფას. კითხე თუ არის რამე ნივთი რისი ჩატანაც იქ უნდა.

“ – რაღაც კითხვა გამიჩნდა და შეგიძლია მიპასუხო?
- ?
- იქ, შენს სამყაროში რომელ ნივთს ჩაიტანდი?
- კალამს და ფურცელს
- მარტო კალამს?
- კალამს, იმიტომ რომ სიმარტოვე მაშინებს.
- და ფურცელი რომ არ დაგხვდეს მერე? რას დაწერდი იმ კალმით? ანუ მხოლოდ ერთი რამე უდნა წაიღო იქ.
- რთულია... მუსიკას წავიღებდი მოსასმენად ან პასტით ხელზე დავიწერდი, არ ვიცი რას, რასაც მეორედაც შევხედავდი.”

- ვაიმეეეე... დაიწყო... ხელზეც დავიწერო. რაც მე ვთქვი წეღან. თქვას სიტყვა, რისი ამოძახებაც უნდა. ერთი სიტყვა, რომ ქონდეს სათქმელი რას იტყვის.

“ – ერთადერთი ისიტყვა მითხარი, რომელსაც იქ იყვირებდი. მხოლოდ ერთადერთი.
- ღ მ ე რ თ ო .... ამ სიტყვაში ყველაფერს ვხედავ: შველას, პატიებას, რწმენას, იმედს...
- ღმერთისგან რა გინდა?
- ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მე ღმერთში ვეჭვობ. ამაზე ძლიერი სიტყვა მაინც ვერ ვიპოვნე. მინდა რომ არასდროს მიმატოვოს და ვუყვარდე...
- არ მიგატოვებს, იმიტომ რომ ის შენშია, იმიტომ რომ მას ყველა ვუყვარვართ...
- როგორც დედას ყევლა შვილი ერთნაირად უყვარს
- არა, დედას არ უყვარს ყველა შვილი ერთნაირად, იმიტომ რომ ამქვეყნიურია. “

- დააკვირდი უკვე იქ ხარ ლელ...
- თან მეთანხმება და თან ცდილობს თავი დამაღწიოს.
- დაიწყო ამოსვლა. ვერ აიტანა იქ რომ სხვაც დაინახა. თუ თავისი სამყარო არ უყვარს, ესეიგი საკუთარი თავიც არ უყვარს. და ესე იგი ღმერთის წინააღმდეგაც მიდის. ლელ, ახლა გადამწყვეტი მომენტი... უთხარი, რომ რეალურად აღიქვამ მის სამყაროს და მოგწონს.

“ – შენ თუ შენი სამყარო არ გიყვარს ესე იგი შენი თავიც არ გიყვარს.
- რეალობა მეძახის ხშირად. მე თავი მიყვარს ინსტიქტურად.
- საკუთარი თავი თუ არ გიყვარს ღმერთიც არ გეყვარება. და მაშინ რაღატომ სთხოვ უფალს, რომ მას უყვარდე. ხო და ახლა შენ გადააწყვე კარგი კარგის მხარეს და ცუდი ცუდის მხარეს. ნუ აურევ ერთმანეთში, თორემ სულ ჩაიძირები.
- არა, არ ვურევ, უბრალოდ მე ხალისი დავკარგე, გავიყინე. “

- უკვე ლოგიკა მოუვიდა. დიაგნოზი დაისვა. ცოტაღა დარჩა. უთხარი, რომ იქ დროებითაა და შეისწავლოს ის ცხოვრება სადაც არის.
- ვერა, სანიშნეს ითხოვს.
- ესე იგი კარგადაა უკვე
- არა დაიღალა ჩემთან ბრძოლით.
- ახლა მომავალზე დაიწყო ფიქრი და აღარ სჭირდები. ბოლო საუბრებიდან გამოვიდა დიაგნოზი. თქვა იქ და არა აქ.

“ – დროა იაკო გავგაზაფხულდეთ...
- ხო მე მიყვარს ზაფხული
- არა მე გაზაფხულს გთავაზობ. თავიდანვე ზაფხულს ვერ გაუძლებ. ეცადე ნელ-ნელა გამოღვიძება.”

- დააკვირდი ლელ, დააკვირდი ბოლო საუბარს. მგონი როგორც კი ღმერთი ამოიძახა მაშინ ამოვიდა. ზუსტად არ ვიცი. უბრალოდ დაღლილია.
- კი მაგრამ ვინ ვართ, ასე რომ ვძვრებით მის სულში?!
- დახმარება უნდოდა და დავეხმარეთ. ზოგი კბილის ექიმია და პირში ძვრება, ზოგი ნერვების. ჩვენ ორი წამით ჩავძვერით და თვითონ ამოგვასწრო იქიდან.
- ახლა პირდაპირ ჩემს სარკმელში შემოძვრა მთვარე.
- შენ არ გიყვარს როცა შენი ოთახის კარებს აღებენ და შუქი შემოდის.
- ვერ ვიტან.
- ხო და არ შემოვაღებ და ვერც ვნახავ მაშინ როგორი ლამაზია შენი ოთახი.
- შენ უკვე აქ ხარ, მზის ამოსვლამდე.
- მზე ხომ შენშია?
- ღამეც კი... დროა წავიდე.
- სანიშნე?
- კი
- ....................................

- იცი ჩვენი ყვავილები ისევ ცოცხალია
- მართლა? წყალშია?
- კი და ულამაზეს თიხის ლარნაკში. შაქრით ვკვებავ...
- მე მიყვარს მინდვრის ყვავილი. სულ სხვანაირია, რაღაცნაირი. თავისუფალი, თავნება და ამით უფრო ლამაზია. ალბათ, მიწაში დიდი ბრძოლებია და სადაც სიკეთე იმარჯვებს მინდვრის ყვავილი ამოდის. და როცა უფრო პატარაა უფრო დიდი ბრძოლები აქვს გადატანილი. მე მიყვარს ძალიან პაწაწუნები რომ არიან. ძლივსშესამჩნევნი. რომ დაინახავ დაგატყვევებს და თითქოს წამით მიხვდები რა არის მთავარი ამ ქვეყანაზე, მაგრამ მერე გავიწყდება და მიხაკებს ვაყრით ერთმანეთის საფლავებს.
- ახლა ამათ ვუვლი და ამათ ვახარჯავ ჩემს ინსტიქტებს.
- ზრუნვა ჩვენი არჩევანია
- მზრუნველობითი ინსტიქტი ჩემში თავისით იღვიძებს და არა სურვილის მიხედვით.
- გქონია ინსტიქტი და უარი გითვამს მოვლაზე?
- კი და არა ერთხელ. შეგნებულად შემიწყვიტავს და თავი მიკონტროლებია, რომ აღარ მეზუნა იმ ვიღაცაზე.
- მერე რა გამოვიდა?
- დგებოდა მომენტი, როცა ჩემდაუნებურად მაინც ვზრუნავდი მასზე.
- მეც მქონია ეგეთი მომენტი. და ჩუმად ვიცი ხოლმე. ისე ვაკეთებ, რომ ვერასოდეს ვერ გაიგებს ვინ გააკეთა და რატომ.

- იცი რა მინდა ახლა?
- ?
- ოდნავი სიცივე... ძალიან რბილი და თხელი, ამავდროულად ძალიან თბილი დიდი სვიტერი. პაწაწუნა ქოხი და არა სახლი. ძველი ბუხარი და რბილი ნოხი. მინდა პლედი, ისიც ძალიან თხელი და თბილი... დაბინდება მიდნა.
- ოღონდ მარტო არ გიდნა.
- მარტოობას ვერ ვიტან. მარტოობა ჩემთვის არარსებობაა.
- მე ჰამაკი მინდა, სუფთა ჰაერი... სუფთა წყალი... არაფერზე ფიქრი...
- არაფერზე ფიქრი თვალებსა და მზერავს გაგიყინავს. ასე რომ აჯობებს იფიქრო.
- არ გამიყინავს.
- არა მიმიკასაც კი შლის და ყინავს.
- მინდა ცოტახანი არ ვიფიქრო.
- ხომ იცი, რომ მაგას ვერ მოახერხებ. მაშინ უნდა გახვიდე უკიდეგანო ზღვაში ან კიდევ რამოდენიმე საათს უყურო ცეცხლს. მოძებნე სულ თეთრი ოთახი.
- თეთრი არ მინდა, თვალებს მტკენს. ბნელი ოთახი მიდნა.
- ვიცოდი, რომ მაგას იტყოდი. ვიცოდი... ბნელი ოთახი უარესად დაგაფიქრებს. იმდენ რამეს დაინახავ იმ სიბნელეში და იმდენ რამეს გაიგონებ, რომ უარესად დაიღლები.
- არა ლელ...
- როგორ არა... ცადე და ნახავ.
- არა ლელა, მე ვარ იქ ბატონი, მე როგორც მინდა ისე ვიქნები
- შენ როგროც გინდა ისე სინათლეშიც იქნები. მთავარია შენ გინდოდეს.
- იქ მე ვარ შემოქმედი
- აქაც შეძელი და შექმენი შენი სამბრძანებლო
- აქ არ მინდა ვინმეს რამე ვუბრძანო. არ მინდა, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება. არ მინდა ფლობა. ფლობა ხომ სიკვდილის სურვილს ბადებს. ამაზე ვიფიქრე და მართლა მასეა. აქ იცი რა მინდა?
- ?
- სპონტანურობა, იმპროვიზაცია, გაფრენა, დაფრენა, წაქცევა, ადგომა, გაღვიძება, გაცინება, ტირილი, ცეკვა, დაზარება, მოფერება, ტკენა, წყენა, გახარება... აქ სიცოცხლე მინდა. იცი როგორი შეგრძნება მაქვს? თითქოს ზამთარი მოდის. თითქოს რაღაც უნდა შეიცვალოს ჩემში. რაღაც უნდა დავკარგო ფოთლების მაგივრად. უნდა შევიფერთხო და უნდა გავირინდო. გაზაფხულამდე უნდა შემცივდეს.
- რატომ გგონია, რომ ცუდი უნდა მოხდეს? რატომ ფიქრობ, რომ უდნა დასრულდეს ჩვენი ხანმოკლე კარგად ყოფნა?
- სულაც არა. ვერ გამიგე. არის ხოლმე დრო, როცა უნდა შეიფერთხო და გამხმარი ფოთლები ჩამოყარო, იმისთვის, რომ ახალს მისცე გზა. მეც ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ უნდა განვაახლო.
- მე მიდნა, რომ შენთვის ახლამოვიდეს გაზაფხული.
- ზამთრის გარეშე გაზაფხული ვერ მოვა. მე ეს კარგად ვიცი და მზად ვარ დავიცადო ძალიან ცოტა ხანი, მარტო იმისთვის რომ სრულფასოვანი გაზაფხული იყოს. აბა რა იქნება გაზაფხული ახალ ფოთლებთან ერთად ძველიც რომ იყოს...
- თვლი, რომ მიცნობ?
- არა. შენს ნაწილს ვიცნობ და არა მთლიანად.
- ეგეც ბევრს ნიშნავს.
- იცი ვერავისზე ვიტყვი, რომ ბოლომდე ვიცნობ
- გაიცნობ და გადადებ გვერდზე. ამას ჯობია პროცესში იყო.
- სულ უნდა იყოს დარჩენილი წასაკითხი ფურცელი
- სანიშნე... და ბოლოსთვის გიტოვებ საფიქრალს... ერთი სიტყვა, მხოლოდ ერთი, რომელსაც მე დამარქმევდი.
- კატა.
- და ბოლოს... სიტყვა, რომელსაც ჩვენს საუბრებს დაარქმევდი.
- სიტყვა? და არ გეცოდება მხოლოდ ერთი სიტყვისთვის ჩვენი საუბრები? მე ასე დავარქმევდი: “ღამის სეირნობა ციცინათელებთან ერთად”

- სანიშნე კარგად ჩავდოთ, რომ არ ამოვარდეს და არ დაგვავიწყდეს სად ვართ. ისე, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შევძლოთ გაგრძელება.

ქვიშის საათიც ჩამოიცალა, დროა ვიღაცამ ამოაბრუნოს.

-. . . . . . . . . ეს ქვიშის ნამცეცებია საათიდან.

- ...

- ?

- მ ი ხ ა რ ი ხ ა რ !!!

- მეც მიხარიხარ...

- ვიცი!