აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Tuesday, July 26, 2011

თითქოს ის იყო და მთელი სამყარო


მზის სხივმა წვერი ამოყო, დედამიწას გაეკეკლუცა, თავიდან თითქოს შერცხვა, მოერიდა, მაგრამ მალევე გათამამდა და უცებ ამოგორდა, ისე რომ ვერავინ და ვერაფერი დაფარავდა მის ნათებას. სწორედ გათამამებული და უკვე საკუთარი სიკაშკაშით თავმომწონე მსუბუქ აბრეშუმში შემოიპარა, ბალიშის ხავერდსა და ზეწარს წაეთამაშა დამალობანა, მერე შავ, გიშერივით თმას შეეფინა, მეტად ააბზინა და ააელვარა, ბოლოს წამწამებზე შეჩერდა, ჯიუტად დააშტერდა და არ მოეშვა სანამ არ შეაღვიძა.

ოდნავი შერხევა... მიმიკების შეფხიზლება... ტუჩთან ღიმილმა გაირბინა, თითქოს იმალებოდა არავინ შემამჩნიოსო და უმალვე ჩაიმალა... კისერი მსუბუქად დაიჭიმა. საოცარმა ქალურმა სითხელემ, სინაზემ, ჰაეროვნებამ ერთმანეთს შეახსენეს თავი, გაერთიანდნენ და თითებს შეეფინენ, შეაღვიძეს, შეარხიეს, გამოაცოცხლეს... მზეს უკვე აბრეშუმიც ვეღარ აკავებდა, მთელს ოთახში დანავარადობდა მოურიდებლად, ისე რომ აღარ კითხულობდა ვინმეს მყუდროებას ურღვევდა თუ არა, პირიქით თითქოს სურდა ეყვირა, ყველა გაეღვიძებინა, ყველასთვის ეგრძნობინებინა თავისი სიდიადე, სილამაზე, სიკაშკაშე, მშვენიერება. მშვენიერების პირველი ემოციაც საერთო ფონის შესაბამისი იყო - გაეღიმა, უკვე აშკარად, დაუფარავად. უკვე მეტად იგრძნო ხავერდის შეხება, სიამოვნებისგან დაიჭიმა, ადგილი შეიცვალა, თმებზე მზის ჩრდილი უფრო აალდა. უეცრად ოკეანის სუნით გაჟღენთილი ნიავი შემოესალმა, თითქოს ხმამაღლა წამოიძახა „აი მეცმოვედიო“.

თითები ნაზად გასრიალდნენ, თითქოს კიდევ ზარმაცობდნენ, მაგრამ თვალის სიხარბემ არ მოასვენა, იქვე ახლოს ყინულნარევი ლიმნიანი წყლით სავსე ჭიქა შენიშნა. მასაც კი სიფხიზლე ეტყობოდა. ძალიან თხელ და უფერულ კედლებზე ყინულისგან წარმოქმნილი ორთქლი და ცვარი არ ჩერდებოდა, გაუთავებლად ეშვებოდა ზემოდან ქვემოთ და იქვე წარმოქმნილ გუბეში მრავლდებოდა მათი სიცოცხლე, წვეთს წვეთი ემატებოდა, მის მოცულობას კი სიდიდე. როგორც კი შეეხო თითები მის სიცივესა და სისველეს, მაშინვე ჩაიკარგნენ სიზარმაცეები და უკვე სიფხიზლემ წამოიწყო აქტიური დილის თამაშები. წამოჯდა, კისერი შეისწორა, თმები ჩამოეშალა, ასე ჩამოშლილიც კი მშვენიერი იყო. ლიმნის არომატმა და სურნელმა უკვე გემოვნებაც მთლიანად შეუფხიზლა. ელამაზა ეს ყოველივე, კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი იქაურობას, და რაღაცნაირად ეშმაკურად ჩაეღიმა სიამოვნებისგან.

თხელი ტერფები დაბლა დაეშვა. მის სიშიშვლეს უხერხული ემოცია დახვდა და მაშინვე შემოსვა დაიწყეს მორიდებული ცეცებით. წამოდგა, ჩვეული ფორმით დაიჭმა და საბოლოოდ გამოვიდა მოდუნებული მდგომარეობდიდან. თითქოს დაიბნა, თითქოს მომდევნო ეტაპი დილის რიტუალისა დაავიწყდა, გადადგა ნაბიჯი და შეჩერდა, აშკარად სხვა მიმართულებით იდგა, არა და მობრუნებაც თითქოს ეზარება, მაგრამ არა, რიტუალი უკვე მასშია, მის სიღრმეშია, აღარ გაუშვებს არც მას და მითუმეტეს არც სიზარმაცეს. მოაბრუნა ჩუმად, უხმოდ და ერთი ხელის მოქმედებით მზე მთლიანად შემოიპატიჟა ოთახში. ახლა უკვე თავისუფალია, რაც უნდა ის გააკეთოს, მოქმედებათა მიმდევრობას აღარც ქვეცნობიერი უკონტროლებს და აღარც სხვა ვინმე ან რამე.

მის სხეულს არა, მაგრამ მთელს სივრცეს ოკიანის სუნი ასდიოდა. საოცარი სიმსუბუქე და ჰაეროვნება იგრძნობოდა გარშემო, ფერებშიც კი სისადავე შეიმჩნეოდა - ოკიანე, მისი ფერი, სუნი, ოთახშიც თეთრი, ნიჟარისა და ქოქოსის გულის ფერი ერთმანეთს მეგობრულად ეწყობოდა ისე, რომ არცერთს გაუჩნდებოდა პრეტენზია მე რატომ ჩამმალეთ-ჩამკარგეთო.

სრული კომპოზიციურობა, ფერიდან ფერში გადასვლა, სუნიდან - სუნში, სიჩუმიდან - სიჩუმის ხმაურში და ამ ყველაფერს ემატებოდა მისი სინაზე, სისადავე და მშვენიერება. თითქოს ის იყო და მთელი სამყარო.

მისი მგრძნობელობა მძაფრად შეაფხიზლა შავი ცხელი სითხის სურნელმა, თითქოს თხელ ცხვირთან წაეთამაშა და გაეკეკლუცა თავისი არომატით თავმომწონე. თავიც კი მოაბრუნებინა და ოკიანეს ფონზე, თხელ მარგალიტიესფერ ფაიფურის ფინჯანში ჩაღვრილმა მოწვევა დაახვედრა წინ. მშვენიერების მგრძნობელობა მარტო ამ ფონით ვერ შეივსებოდა, წინ მთავარი არომატი და გემო ელოდებოდა. პირველი დილის გემო და ემოცია უკვე გაიჟღინთა სიამოვნებით. ამ ემოციებსა და შეგრძნებებს ყოველმხრივ ერთი მთლიანობა მოიცავდა - ოკიანე... მთლიანად თავისში ათავსებდა, ყველაფერში ერეოდა შეუმჩნევლად, გაუმძაფრებლად, აუღელვებლად, ისე რომ არასდროს შეგაწუხებდა.

შავი სითხის სუნმა და ეგზოტიკურობამ მზის შუქსა და თვალუწვდენელ სივრცის ფონზე ღამის ფიქრები დაახვედრა წინ მშვენიერებას. ჩაეღიმა, სიამოვნება მის ყოველ ნაკვთს მოეფერა, არ მოერიდა, პირიქით, მიყვა ისე, რომ ღიმილი მეტად დაეფინა მის თვალებს, თვალებს, რომლებიც სადღაც შორს იყურებოდნენ, ისე რომ არც კი შერხეულან. შორიდან რომ შეგეხედათ მშვენიერების ქანდაკება გეგონებოდათ, იდგა და გაჰყურებდა ოკეანეს თვალებზე მორბენალი ღიმილითა და შეურხეველი წამწამებით. თითქოს დროც გაჩერდა, მასაც კი ზედმეტად ელამაზა ეს ყველაფერი. კადრს სიცოცხლეს მხოლოდ მისი ძალიან თხელი, ნიჟარის ფერი კაბის შრიალი აძლევდა, თორემ გეგონებოდა ერთ დიდ ჩარჩოში მოთავსებყულ მშვენიერებას უყურებდიო...

...თხელმა ტერფებმა ცხელ ქვიშაზე სიშიშვლე იგრძნეს, სიშიშვლეს სისველის ემოცია მოჰყვა... უკვე ოკეანე მიესალმა მთელს მის სხეულს. არცერთს ჰქონით უცხოობის მომენტი... მშვენიერება მშვენიერებაში კიდევ უფრო დიდ მშვენიერებად იქცა. საოცარი სიმსუბუქით ტალღებზე დაიწყო ლივლივი, არც კი ინძრეოდა, მთლიანად ენდობოდა, უბრალოდ უსმენდა და ისვენებდა. კიდევერ ერთხელ რწმუნდებოდა, რომ მხოლოდ ტალღებს ესმოდა მისი... რამდენი მსგავსებაა მათ შორის - არასდროს ჩერდებიან, შეუძლიათ ივნენ ძალიან მშვიდი და აუღელვებელი, წამიერი მოღრუბლვა და აბობოქრება ერთია, ისე რომ შეიძება სულიერიც არ დაინდონ, შთანთქან და გაანადგურონ. გარეგნულად ჩვეულებრივები, მაგრამ რა ხდება მათში, შიგნით, სიღრმეში, რთულია ჩააღწიო, მიაგნო, ნახო, გაიგო, აღიქვა და გაითავისო.

მშვენიერება შეიძლება გემშვენიეროს, მაგრამ მისი დატევა და გათავისება უნდა შეგეძლოს, მარტო დანახვა ეს იგივეა რომ დაგაყენონ, გაყურებინონ და გითხრან არ შეეხოო. ჯერ ეცადე მიაგნო, მერე შეათვალიერე, აღიქვი და თუ შეძლებ გაითავისე, შენში შიგნით დაუდე ბინა და ისე გაუფრთხილდი რომ სამუდამოდ მოინდომოს იქ გაჩერება. და თუ კი ვერ შეძლებ მაშინ გაუშვი, გაათავისუფლე და მიეცი ნება მშვენიერებას იმშვენიეროს მშვენიერებაში.

Wednesday, July 20, 2011

მწყურვალე


რაღაცნაირად მომწყურდა, მე არა, ჩემს სულს... ის, თუნდაც ერთი წვეთიც კი სანატრელი და საძებნელი გამიხდა, რომელიც ამ წყურვილის სგრძნობას მომიკლავს. და რა სწყურია სულს? რას ვეძებ? ან სად ვეძებ? ან იქნებ ვის ვეძებ?! არა და როგორ მწყურია თუ სწყურია - აქაც კი კითხვის ნიშანი მეკამათება. არა და მე და კამათი?! - სიჩუმეს ვახვედრებ ხოლმე, თანაც სიმპათიურს, დახვეწილს, დავარცხნილს, დალაგებულს... სიჩუმეს გარეგნულს, თუმცა სული, თანაც მწყურვალე, ლამის თვითონ ადიდდეს, აბობოქრდეს და გადმოიღვაროს... მაგრამ არა!!!

თვითონაც იცის, რომ ასე მწყურვალე დიდხანს ვერ გაძლებს. ისიც იცის, რომ გამოშრება, გამოიფიტება, დასკდება, ღარები გაუჩნდება, გახმება, ფერს იცვლის და შემოდგომის ბოლო თვეს, სიცივისგან შეშინებულ ფოთოლს დაემსგავსება, რომელსაც რეალურად ეშინია ვინმემ არ დაადგას ფეხი, ან ვინმეს მიერ გადაგდებული სიგარეტის ნამწვავი არ დაეცეს, თორემ მომენტალურად აალდება, განადგურდება, დაიფერფლება, თანაც ისე, რომ არც არავის დაენანება, პირიქით, შეიძლება სხვა გამხმარი ფოთლებიც მიაშველონ...

რა უცნაურია ეს ცხოვრება - ერთის ტკივილისა და სევდის ხარჯზე შეიძლება სხვა ბედნიერი იყოს, ზუსტად იმ შეშინებული ფოთლის არ იყოს. მისი აალებით გარეთ სიცივისგან გაყინული ადამიანი შეიძლება გათბეს. არა! არ მინდა ჩეემი აალებით ვინმე გათბეს ან დათბეს. არ მინდა ჩემი მწყურვალებით სხვამ პირი დაისველოს, არც ის მინდა ჩემი გამოშრობა ჩამოხმობით სხვა აყვავდეს და გადაყვავდეს. არა, არ მინდა ჩემს სულს სწყუროდეს! არ მინდა გულს სტკიოდეს!

... როდემდე?!

... რატომ?!

... რისთვის?!

... მივაგნებ?

... დაგიჯერო?

... ხვალ ან ზეგ?

... ისევ ველოდო?!

მხოლოდ ერთი წვეთი, მხოლოდ ერთი...

... უკვე ფერმა შეცვლა დაიწყო...

უნდა შემეშინდეს?

ქვიშა ისევ მოედინება ზემოდან ქვემოთ. ჩამოცლამდე ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო...

იქნებ მივაგნო...

თვითონ იმედმა არ თქვა ყველაფერი კარგად იქნებაო?!

მწყურვალე




Wednesday, July 6, 2011

იმედი

- „ყველაფერი კარგად იქნებაო!!!“

- და ვინ თქვა ეგ?!

- იმედმა.

- და ვინ არის ეგ იმედი?!

- ხვალინდელი დღის კეთილი მეზღაპრეა.

- და არ გავიზარდეთ?!

- და შენ არ იყავი გუშინ რომ ბავშვობას მისტიროდი?!

- ...........ჰმ!

- და რას ერჩი? მერე რა რომ მეზღაპრეა? ხომ ცდილობს დაგვაჯეროს, თანაც კარგით?!

- და მაინც ხომ მეზღაპრეა?!

- მორჩი! ჩვენ მოგვწონს!!!

- მოგწონთ ის რომ გატყუებთ და თავს იტყუებთ?!

- მოგვწონს ის, რომ დღეს ამ ზღაპრებით გვეღიმება. მოდი დღეს გაღიმება შევირგოთ და ხვალ თუ ცრემლი გვესტუმრება, მაგასაც რამენაირად დავხვდებით, ვუმასპინძლებთ როგორც შინაურს და გავუშვებთ, როგოც სტუმარს.

- თქვენ სულ გაგიფრენიათ!

- შენც გვეყოფი დაფრთიანებული.

- ასეთი რა გაგიკეთათ?!

- შეძლო და გაგვაღიმა ხვალინდელ დღეზე. შეძელი შენც და შენს სახელს დავარქმევთ აწ უკვე დარქმეულს იმედს.

- ........................

- რთულია ხომ?! ხო და აცადე და გვაცადე და მით უფრო ეცადე - გაიღიმო!!!

Tuesday, July 5, 2011

პალიტრა

დაბადებიდან უცნაური საქმე მხვდა წილად... ვინ მარგუნა ეს საქმე და ვინ დამავალა მასზე პასუხისმგებლობა არც არავინ იცის და მითუმეტეს არც მე მიკითხავს... ფაქტია ვასრულებ უხმოდ... აუღელვებლად... მიჩვეულად... შინაურულად...

პალიტრა... აჭრელებული... უკვე გაჭუჭყიანებული... ამღვრეული... - სწორედ ამ პალიტრის განახლება... შეფერვა... დასუფთავება... არა და ამას აწი რაღა დაასუფთავებს... და თანაც ისე რომ არავინ მითითებს რომელი ფერი არის საჭირო...

ხო და მეც ვამატებ ფერებს... ზოგი ძალიან ყვირის... ზოგიც უბრალოდ სვრის, ისე რომ არავინ არაფერში იყნებეს ისეთი უშნო და მკვდარია... უბრალოდ ფერია და უბრალოდ ისიც ისე დავიტანე იმ ფერების გვერდით, რომ არც მე მიკითხავს მისთვის უნდოდა თუ არა მათ გვერდით ყოფნა და მათთან შეზავება... არა და ხან როგორ მელამაზება იმდენი ფერის ერთად დანახვა... ხან კი როგორ აიმღვრევა და როგორ უშნოდ დაილექება ხოლმე ერთი ფერი მეორეზე, ისე რომ აღარც გაზავება და აღარც სხვა ფერთან „დაზავება“ უშველის არაფერს...