აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Saturday, October 8, 2011

. . .


ისე იდგა თითქოს ფაიფურის თოჯინად გადაქცეულიყო... მასზე მეტი სიცოცხლე ზედმეტად თხელ და თეთრ შარფის კაბადჩაფიქრებულ სამოსს ეტყებოდა. იმდენად ჰაეროვანი და მსუბუქი იყო, რომ ნიავი თავის ნებაზე ანავარდებდა და არხევდა, ისიც წინააღმდეგობის გარეშე მიყვებოდა მის ნებას, თითქოს პირიქით მოსწონდა მის ნებაზე რწევა-რხევა-შრიალი, შრიალი მხოლოდ ქმედებით და არა ხმით... იდგა და უყურებდა თავის თავს. იმდენად თავისითავისნაირი იყო ეს კაბადჩაფიქრებული სამოსი, რომ ჩაფიქრებულობაც კი საკმარისი იყო მის მშვენიერებაში დარწმუნებულიყო ნებისმიერი მოკვდავი. ოდნავმა ღიმილმა გაიელვა მის ნაკვთებზე, თითქოს მიმიკებიც აიყოლია კაბადჩაფიქრებულის ჰაეროვნებამ. ვეღარ გაუძლო მეტს და ემოცია თავისით დაეფინა მთლიან სახეს. აშკარა სიამოვნება გადმოიღვარა მისი თვალებიდან, წამიერი შეჩერებებით დაირბინა ღაწვებსა და ფერმკრთალ ტუჩებზე, ესენიც კი თითქოს წინასწარ მომზადებულიყვნენ ასეთი მორიდებულობით, სრული კომპოზიციურობა რომ არ დაერღვიათ თავისი სიმკვეთრით. ნელ-ნელა სიცოცლის ნიშანწყალი უბრუნდებოდა რეალურ სურათს. თითებიც კი აცქმუტდნენ იმ სილამაზით, მოუსვენრად, თუმცა ზედმეტი სიფრთხილითა და სინაზით ჩასრიალდნენ არშიად ქცეულ ნაკეცებში. სილამაზის აღქმას უკვე ემოცია და შეგრძნება მოყვა. რეალური სურათის კომპოზიციურობა უკვე ზედმეტად იტვირთებოდა სილამაზეებით. რომელი ერთისთვის დაეთმო ყურადღება - ემოციისთვის, შეგრძნებისთვის, სილამაზის აღქმისთვის, ჰაეროვანი რხევისთვის, კაბადჩაფიქრებულისნაირისთვის თუ რეალურად ცოცხალი, თხელი თითებისთვისა და მკრთალი ღაწვ-ტუჩებისთვის. რომელი ერთი გამოერჩიოს, როცა ყოველი მათგანი ცალ-ცალკე აღებული კი ელამაზება, მაგრამ აღარ ყოფნის, მერე უფრო მეტის სურვილი ჩნდება, იმ მეტის სურვილს უფრო მეტის შეგრძნებისა და დანახვის სურვილი მოსდევს და ბოლოს ისევ გადამეტებულ სილამაზეებამდე მივდივართ... ფიქრი თავისთის ფიქრობდა, რეალური სურათი კი რეალურობით ტკბებოდა და არსებულ რეალობაში უფრო მეტ სილამაზესა და სინაზეს პოულობდა...