აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Tuesday, January 10, 2012

ქართული, ქართველი, საქართველო


იავნანა... როგორ მექართულება ეს სიტყვა... რა პატარაა და რა დიდია ერთდროულად... როგორი ჩვენია და თან ყველასია... როგორიც უნდა იყოს ქართულია და ჩვენია...
ქართული... ქართველი... საქართველო... როგორ მტკივა ხანდახან ეს სიტყვები გონებაში გაელვებისასაც კი... სად ვიყავი მე, შენ და კიდევ სხვა ბევრი როცა მართლა იყო ქართულიც, ქართველიც და მითუმეტეს საქართველო... იყო და მერე როგორ - ამაყი, თავაწეული, მედიდური, მრავლისმთქმელი, შიშისმომგვრელიც კი... ხომ იყო?! იქნებ გაბედო და მითხრა არაო!!!
აბა მითხარი, დღეს ყველაზე ქართული სად შეიძლება მოისმინო და ნახო? ყველაზე ქართველის ტყავში გამოკრული სად შეიძლება შემოგედიდგულოს ქართველი ვარ და ამაყი ვარო?!!! ყველაზე ლამაზი საქართველოს მშვენება სად შეიძლება მოისმინო და სად შეიძება ერთმა მეორეს უფრო მეტად მოაწონოს თავი სად გინახავს ამისთანა მთები და წყლებიო. ნუ დაიზარებ, სულ ოდნავ შეფხიზლდი, ვაი და ის მგონი მართლაც ერთადერთია, სადაც, მადლობა უფალს, რეალურად თუ არა სიტყვით მაინც დარჩა მოსაგონრად, რომ მართლაც ქართულია, მართლაც ქართველია და რომ საქართველო ისევ დავითიანობს და თამარიანობს... მერე რა თუ ჩვენივე გაუმაძღრობისა და ჩვენივე უმადური ბუნების გამო, და კიდევ ჩვენივე ერთმანეთისადმი დიდი სიყვარულით განმსჭვალვულობის გამო დიდი თუ არა, არც ისე პატარა მიწები შემოგვეჭამა და დღემდე ვერ მოგვინელებია ისე გვტკივა და გვაწუხებს.
რატომ არ გინდა სულ ცოტათი დაფიქრდე და შენ მაინც მიპასუხო? შენც ისე არ გამოგივიდეს ილიას რომ უთხრეს, რაღა მე ამომირჩიე ამდენში შე დალოცვილოო. შენ თუ არა ის სხვა იქნებოდა, მაგრამ ცოცხალი თავით არც ის მიპასუხებდა, ისევე როგორც ახლა შენ არ გინდა სულ ოდნავ დაფიქრდე და სიმართლე მითხრა. კიდევ ახალი ცნება თუ მცნება მიემატა იმ ჩვენს საგულდაგულო ერთადერთს ჯერ კიდევ გამოუცნობს. სიმართლე... როგორ გეტკინა უცებ ხო? შენც ხომ გეტკინა აღიარე, ნუ გერიდება, აზრი არ აქვს, სახეზე მაინც გეტყობა ტკივილი, ის ისეთი მწარეა და ისეთი მოურიდებელი, როდის იყო ტკივილს მორიდება გააჩნდეს...
ერთი ის მითხარი ქართველი ხომ ხარ? ბოდიში, როგორ გაგიბედეთ... ესეც უნდა გკითხოთ ისე უბრალოდ ვერ გაგიშვებთ, დედა იავნანას გიმღეროდათ როცა პატარა იყავით? ნუ განმირისხდებით, მე უბრალოდ გკითხეთ, გასაგებია, ყველა დედა უმღერის თავის პატარას იავნანას და არც თქვენ ყოფილხართ გამონაკლისი, კეთილი და სასიხარულო... არა და როგორ მომწონხართ, ზუსტად ისეთი ხართ ვისაც ვეძებდი, ძალიან მომწონხართ, ძალიან! ნუ მოგერიდებათ ჩემი, შეიფერეთ, თქვენ ეს ნამდვილად გეკუთვნით, მე ხომ ასე დაუფარავად გესაუბრებით. კიდევ იცით რა მაინტერესებს? როცა სკოლისკენ პირველ ნაბიჯებს ადგავდით, თუ გახსენდებათ, დედას თქვენთვის საქართველოზე თუნდაც ერთი პაწაწინა ლექსი მაინც უსწაველბია? ალბათ კი ხო, მაგრამ მერე რა რომ აღარ გახსოვთ, დავით აღმაშენებელი რომელ წლებში მეფობდა ის აღარ გახსოვთ და ის რაღანაირად გემახსოვრებათ ხომ? მესმის, იმდენი წვრილმანი პრობლემაა გარშემო... არა მართლა მომწონხართ, ზუსტად ის აღმოჩნდით, ვისაც ვეძებდი. არ შემიძლია ეს ემოცია დაგიმალოთ... ისე ჩვენში დარჩეს, ჩუმად გკითხავთ, ქართველად რომ არ დაბადებულიყავით, რომელ ქვეყანას აირჩევდით სამშობლოდ? საქართველოს, საქართველოს და მაინც საქართველოს? თქვენ ნამდვილი პატიროტი ქართველი ბრძანდებით. დიახ ქართველი! და რატომ არ გინდათ ასეთი ქართველი დაფიქრდეთ სულ ცოტათი და თქვენ მაინც მიპასუხოთ სად ქართულობს ყველაზე მეტად ქართული და სად მედიდურობს ყველაზე მეტად ქართველი, სად გვესისხლხორცება ყველაზე მეტად საქართველო და სად გვეამაყება ყველაზე მეტად ის რომ საქართველოში დავიბადეთ. კარგით... მაშინ ცოტათი კიდევ განვაგრძოთ, იქნებ გზაში წამოგვეწიოს თქვენი კეთილგონიერება, თქვენ მას უსათუოდ მიხვდებით, მე მჯერავს თქვენი გონიერების და საზრიანობის... მე მართლა მომწონხართ, თქვენნარის ვერც კი ვინატრებდი, უნდა წამოხვიდეთ, დიახ ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდეთ, არა ნამდვილად ვერ გაგიშვებთ, თქვენნაირ პატრიოტს ასე უბრალოდ ვერ გაგიშვებთ. მობრძანდით, დაბრძანდით, ნუ მოგერიდებათ, ჩვენ ხომ ქართველები ვართ?! იქნებ მითხრათ არაო?! ხო და მაშინ ისე მოვიქცეთ, როგორც ნამდვილ ქართველებს შეეფერებათ! ... მშვიდობას გაუმარჯოს... ჩვენი აქ შეკრების მიზეზს დავლოცავ... ახლა ჩვენ ქართველობას და ჩვენს საქართველოს დავლოცავ! როგორი ამაყები ვართ არა ამ მიწაწყალზე რომ გავჩნდით, რამდენ ომს გაუძლო ამ ერთმა პაწაწინა დედამიწის ნაგლეჯმა. მომიტევეთ, არ მეგონა ასე თუ იმოქმედებდა ეს სიტყვა თქვენზე, ცუდად არ მითქვამს, პირიქით, ჩვენი საქართველო ხომ მართლა პაწაწინაა იმ ვეებერთელა ძუძუმწოვარა ვეშაპთან, რომელიც დღენიადაგ ცდილობს გადაგვყლაპოს ერთი პირის გაღებით, ისე როგორი ფხიანი აღმოჩნდა ეს ერთი ციდა მიწა, რაც გადაყლაპა, დღემდე ყელზე ადგას და ლამის იხრჩობა და მთლიანად როგორ აპირებს მის გადასანსვლას არ ვიცი... თუმცა ამაზე ჯერ არ მიფიქრია, ამაზე მერე იყოს, თქვენი გონიერების იმედი მაქვს, იქნებ თქვენ დამეხმაროთ. ახლა იმ ადათებსა და ტრადიციებს გაუმარჯოს, რამაც დღემდე ასე თავაწეულები მოგვიყვანა და დღემდე ყველასთვის ქართველებად დაგვტოვა. ამ გახსენებაზე, როცა პატარა იყავით დედა მამაო ჩვენოს გიკითხავდათ? არ უნდა მეკითხა, თქვენ ის უსათუოდ გეცოდინებათ, ისეთი ქართველი სულის ადამიანი ხართ, აბა სად გაგონილა ქართველი საქართველოდან, ღვთისმშობლის წილხვდომილი მიწიდან, რომელმაც მამაო ჩვენო ზეპირად თუ არა მიახლოებულად მაინც არ იცოდეს?! მოდი ერთი, თუ ძმა ხარ, მრავალჟამიერის ნიჭი ახლა ჩვენ არ გვაქვს და თუ ეს გული ქართულად გულობს მამაო ჩვენო მაინც გავშალოთ ხმებში და ჩვენთვის ჩუმად მაინც ვთქვათ, უფალი დიდია და ის მაინც გაიგებს, დიდება მის სიდიადეს... მამაო ჩვენო... ამყევი, ნუ გერიდება, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა... როგორც იცი ისე ამყევი, უფალი დიდია, გაგვიგებს... წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედი სუფევან შენი....... არაუშავს... მთავარია სურვილი, ჩვენ ხომ ვცადეთ, ჩვენ ხომ მოვინდომეთ, ქართული გულით ქართულად ბოლომდე სწორად თუ არა ჩვენებურად მაინც ხომ ვთქვით ქართულზე ქართული უფლის სადიდებელი... უფალი დიდია, ის გაგვიგებს... ნეტა იცოდე როგორ მომწონხარ, არც კი მიძებნიხარ ისე გიპოვნე. მართალი ხართ, აფსოლიტურად გეთანხმებით, ვუერთდები თქვენს ნათქვამს, სწორედ ამის დრო იყო, წმინდა სალოცავებს გაუმარჯოს! რა კარგად გცოდნიათ წესი და ადათი, თან როგორ ლამაზად თქვით. შვილები გყავთ? ძალიან კარგი. როგორი ლამაზი სახელები აგირჩევიათ. ნია და აკო... ალბათ მათი ნამდვილი სახელებია ნინო და ალექსანდე, ხომ არ ვცდები? არა? ქალს ნია ქვია, ვაჟს კი აკო, უბრალოდ აკო?არც ალეკო, არც ალიკა უბრალოდ აკო? ალბათ სუფთა ქართული სახელებია, თქვენ ისეთი გონიერი ბრძანდებით, მე მაპატიეთ, კეთილი და სასიხარულო... ღმერთმა გიბედნიეროთ ნია და აკო, იმედი მაქვს, ისინიც თქვენნაირი ჭეშმარიტი ქართველები გაიზრდებიან, თქვენ როგორ კარგად, ლამაზად და თანმიმდევრულად იძახდით ყველა სადღიგრძელოს, როგორი შემართებით, როგორი გამოთქმითა და გრძნობით, მეც კი ცრემლი მომგვარეთ თვალზე, თქვენ ეს უსათუოდ შეძელით, თქვენს წინაშე ნამდვილად ქედს ვიხრი, არასდროს დამავიწყდება ის ერთად ნათქვამი მამაო ჩვენო, მართალია არცერთმა არ ვიცოდით ბოლომდე და გამართულად, მაგრამ ჩვენ ხომ ვცადეთ, ჩვენ ხომ გულით ვთქვით, ჩვენ ხომ ქართულად ვთქვით ქართულ სუფრაზე ჩვენი საქართველოს ქართველური გულის დიდების სადღიგრძელო, ეგეც თქვენი ულამაზესი სიტყვები იყო, აქეთ მობრძანდით, რას ბრძანებთ, დღეს მე დადაგპატიჟეთ, როგორ გეკადრებათ, ყველაფერი გადახდილია, მობრძანდით ჩემო ძმაო, უხერხული ხომ არ არის ასე რომ მოგმართოთ? ძალიან კარგი, ჩვენ უკვე იმდენი ვთქვით და იმდენი გავანდეთ ერთმენთს, უსათუოდ გეკუთვნით ჩემი ძმობა და ძმური სიყვარული. არ დაგაყოვნებთ, უბრალოდ გზაში მეც დაგემგზავრებით, სანამ ჩაბრძანდებით იქნებ ახლა მაინც მითხრათ სად ქართულობს ყველაზე მეტად ქართული, სად ქართველობს ყველაზე მეტად ქართველი და სად ვულამაზებთ ყველაზე მეტად ერთმანეთს ჩვენს საქართველოს? ნუ ბრაზობთ ძმობილო, კარგით, იყოს ბატონო, მართალია სადაური თქვებნი ძმა ვარ... ბატონო, სანამ ჩახვალთ, მოითმინეთ, ძალიან გთხოვთ, ისე ნუ ჩაბრძანდებით, რომ არ მიპასუხოთ, ძლივს გიპოვნეთ ამდენ ერთნაირში, ქართული, ქართველი, საქართველო... ბატონო, ბატონო.....
არა და როგორ მომეწონა, როგორ ძებნის გარეშე ვიპოვნე ამდენ ერთნაირში, როგორი ქართული სუფრა გავუშალე როგორ ქართველ კაცს და როგორი საქართველოს სადღიგრძელოები თქვა როგორი შემართებით, თავად იმ ადგილას, რასაც ასე საგულდაგულოდ ვაძებნინებდი და ვაფიქრებდი...
ახლა არ მითხრა ამდენი ხანი გისმინე და კითხვას ვინ გასცემს პასუხსო...