აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, January 20, 2013

ვგრძნობ, რომ მზე მტოვებს და ცას უბრუნდება...


სიზმარს გავდა, ძალიან ლამაზ სიზმარს. თუმცა იმ სიზმარში მთელი ცხოვრება ვიცნობდი. მახსოვდა როგორ ვთამაშობდით ერთად „პატარა უფლისწულობანას“, როგორ დაგვიხატავს ჩვენივე გამოგონილი ფერებით ათასფერა ცისარტყელა ვარდისფერ ცებზე, როგორ მოგვისმენია სირინოზების სიმღერა, და როგორ ვაშენებდით ქვიშის სასახლეებს.
გავიზარდე და თითქოს, სიზმრებმაც მაშინვე მიმატოვეს, ზედმეტმა სიცხადემ  კი მხოლოდ კომედია გაიმეტა, მხოლოდ რამოდენიმე ფერით დამანახა ცისფერ ცაზე ჩვენი ცისარტყელა.
ალბათ ისევ ისე ბავშვური სიმშვიდით ჩამეძინა ერთ დღეს და სწორედ მაშინ გნახე ჩვენს  ქვიშის სასახლესთან.
როგორი ნაცნობი იყო შენი ხმა, შენი თვალები... სულ არ შეცვლილხარ, ისევ ის ხარ, ისევ ჩემი ხარ...
თითქოს, მიბრაზდებოდი, რომ აღარ ვჩანდი აქ, ჩვენს სიზმრებში. მე არ მიმიტოვებიხარ, ან როგორ შევძლებდი ამას? როგორ არ გჯერავს? ერთადერთი ხარ! შენ ის ერთი ხარ, ვინც ამ ცებზე მასწავლა ხატვა, ვინც ამ აკრძალულ ხმაურში  მასწავლა გამაყრუებელი სიჩუმით თამაში.
როგორ შემეძლო დამევიწყებინე, მხოლოდ შენ ერთი, რომელიც ბრაზის გრიგალშიც კი ქვიშის ულამაზეს სასახლეებს მიშენებდი.
ნუ მიბრაზდები, გთხოვ შემომხედე, მე ისევ ის ვარ, არც მე შევცვლილვარ. აი შეხედე, ის ჩვენი საყვარელი ნოტის ლას ფერია, მოიცა, შეხედე, აი ის  მზეზე არეკლილი ფიფქის ფერი... კიდევ არ გჯერავს? შემომხედე, დამიჯერე, სადაცაა გათენდება და ისიც არ ვიცი როდის გნახავ კიდევ. მომკიდე ხელი, მხოლოდ ერთხელ, თუნდაც უკანასკნელად... გავფრინდეთ სადმე, უგზოუკლოდ, ასე ხომ ბევრჯერ გვითამაშია დაჭერობანა ვარდისფერ გზებზე...
ჩამეხუტე ისევ ბავშვურად, ჩვენ რომ ვერ ვძლებდით სიშორით, თუნდაც...
როგორ მომნატრებიხარ და ვიცი უფრო მომენატრები...
ეს მე არ მინდა უშენობა, შენგან სიშორე... სიზმარი ქრება... ჩამეხუტე...
ვგრძნობ რომ მზე მტოვებს  და ცას უბრუნდება...
მე იქ დაგელოდები, ჩვენს ქვიშის სასახლესთან.
ახლა ჩამეხუტე...


No comments: