აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Wednesday, July 20, 2011

მწყურვალე


რაღაცნაირად მომწყურდა, მე არა, ჩემს სულს... ის, თუნდაც ერთი წვეთიც კი სანატრელი და საძებნელი გამიხდა, რომელიც ამ წყურვილის სგრძნობას მომიკლავს. და რა სწყურია სულს? რას ვეძებ? ან სად ვეძებ? ან იქნებ ვის ვეძებ?! არა და როგორ მწყურია თუ სწყურია - აქაც კი კითხვის ნიშანი მეკამათება. არა და მე და კამათი?! - სიჩუმეს ვახვედრებ ხოლმე, თანაც სიმპათიურს, დახვეწილს, დავარცხნილს, დალაგებულს... სიჩუმეს გარეგნულს, თუმცა სული, თანაც მწყურვალე, ლამის თვითონ ადიდდეს, აბობოქრდეს და გადმოიღვაროს... მაგრამ არა!!!

თვითონაც იცის, რომ ასე მწყურვალე დიდხანს ვერ გაძლებს. ისიც იცის, რომ გამოშრება, გამოიფიტება, დასკდება, ღარები გაუჩნდება, გახმება, ფერს იცვლის და შემოდგომის ბოლო თვეს, სიცივისგან შეშინებულ ფოთოლს დაემსგავსება, რომელსაც რეალურად ეშინია ვინმემ არ დაადგას ფეხი, ან ვინმეს მიერ გადაგდებული სიგარეტის ნამწვავი არ დაეცეს, თორემ მომენტალურად აალდება, განადგურდება, დაიფერფლება, თანაც ისე, რომ არც არავის დაენანება, პირიქით, შეიძლება სხვა გამხმარი ფოთლებიც მიაშველონ...

რა უცნაურია ეს ცხოვრება - ერთის ტკივილისა და სევდის ხარჯზე შეიძლება სხვა ბედნიერი იყოს, ზუსტად იმ შეშინებული ფოთლის არ იყოს. მისი აალებით გარეთ სიცივისგან გაყინული ადამიანი შეიძლება გათბეს. არა! არ მინდა ჩეემი აალებით ვინმე გათბეს ან დათბეს. არ მინდა ჩემი მწყურვალებით სხვამ პირი დაისველოს, არც ის მინდა ჩემი გამოშრობა ჩამოხმობით სხვა აყვავდეს და გადაყვავდეს. არა, არ მინდა ჩემს სულს სწყუროდეს! არ მინდა გულს სტკიოდეს!

... როდემდე?!

... რატომ?!

... რისთვის?!

... მივაგნებ?

... დაგიჯერო?

... ხვალ ან ზეგ?

... ისევ ველოდო?!

მხოლოდ ერთი წვეთი, მხოლოდ ერთი...

... უკვე ფერმა შეცვლა დაიწყო...

უნდა შემეშინდეს?

ქვიშა ისევ მოედინება ზემოდან ქვემოთ. ჩამოცლამდე ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო...

იქნებ მივაგნო...

თვითონ იმედმა არ თქვა ყველაფერი კარგად იქნებაო?!

No comments: