აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Tuesday, July 26, 2011

თითქოს ის იყო და მთელი სამყარო


მზის სხივმა წვერი ამოყო, დედამიწას გაეკეკლუცა, თავიდან თითქოს შერცხვა, მოერიდა, მაგრამ მალევე გათამამდა და უცებ ამოგორდა, ისე რომ ვერავინ და ვერაფერი დაფარავდა მის ნათებას. სწორედ გათამამებული და უკვე საკუთარი სიკაშკაშით თავმომწონე მსუბუქ აბრეშუმში შემოიპარა, ბალიშის ხავერდსა და ზეწარს წაეთამაშა დამალობანა, მერე შავ, გიშერივით თმას შეეფინა, მეტად ააბზინა და ააელვარა, ბოლოს წამწამებზე შეჩერდა, ჯიუტად დააშტერდა და არ მოეშვა სანამ არ შეაღვიძა.

ოდნავი შერხევა... მიმიკების შეფხიზლება... ტუჩთან ღიმილმა გაირბინა, თითქოს იმალებოდა არავინ შემამჩნიოსო და უმალვე ჩაიმალა... კისერი მსუბუქად დაიჭიმა. საოცარმა ქალურმა სითხელემ, სინაზემ, ჰაეროვნებამ ერთმანეთს შეახსენეს თავი, გაერთიანდნენ და თითებს შეეფინენ, შეაღვიძეს, შეარხიეს, გამოაცოცხლეს... მზეს უკვე აბრეშუმიც ვეღარ აკავებდა, მთელს ოთახში დანავარადობდა მოურიდებლად, ისე რომ აღარ კითხულობდა ვინმეს მყუდროებას ურღვევდა თუ არა, პირიქით თითქოს სურდა ეყვირა, ყველა გაეღვიძებინა, ყველასთვის ეგრძნობინებინა თავისი სიდიადე, სილამაზე, სიკაშკაშე, მშვენიერება. მშვენიერების პირველი ემოციაც საერთო ფონის შესაბამისი იყო - გაეღიმა, უკვე აშკარად, დაუფარავად. უკვე მეტად იგრძნო ხავერდის შეხება, სიამოვნებისგან დაიჭიმა, ადგილი შეიცვალა, თმებზე მზის ჩრდილი უფრო აალდა. უეცრად ოკეანის სუნით გაჟღენთილი ნიავი შემოესალმა, თითქოს ხმამაღლა წამოიძახა „აი მეცმოვედიო“.

თითები ნაზად გასრიალდნენ, თითქოს კიდევ ზარმაცობდნენ, მაგრამ თვალის სიხარბემ არ მოასვენა, იქვე ახლოს ყინულნარევი ლიმნიანი წყლით სავსე ჭიქა შენიშნა. მასაც კი სიფხიზლე ეტყობოდა. ძალიან თხელ და უფერულ კედლებზე ყინულისგან წარმოქმნილი ორთქლი და ცვარი არ ჩერდებოდა, გაუთავებლად ეშვებოდა ზემოდან ქვემოთ და იქვე წარმოქმნილ გუბეში მრავლდებოდა მათი სიცოცხლე, წვეთს წვეთი ემატებოდა, მის მოცულობას კი სიდიდე. როგორც კი შეეხო თითები მის სიცივესა და სისველეს, მაშინვე ჩაიკარგნენ სიზარმაცეები და უკვე სიფხიზლემ წამოიწყო აქტიური დილის თამაშები. წამოჯდა, კისერი შეისწორა, თმები ჩამოეშალა, ასე ჩამოშლილიც კი მშვენიერი იყო. ლიმნის არომატმა და სურნელმა უკვე გემოვნებაც მთლიანად შეუფხიზლა. ელამაზა ეს ყოველივე, კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი იქაურობას, და რაღაცნაირად ეშმაკურად ჩაეღიმა სიამოვნებისგან.

თხელი ტერფები დაბლა დაეშვა. მის სიშიშვლეს უხერხული ემოცია დახვდა და მაშინვე შემოსვა დაიწყეს მორიდებული ცეცებით. წამოდგა, ჩვეული ფორმით დაიჭმა და საბოლოოდ გამოვიდა მოდუნებული მდგომარეობდიდან. თითქოს დაიბნა, თითქოს მომდევნო ეტაპი დილის რიტუალისა დაავიწყდა, გადადგა ნაბიჯი და შეჩერდა, აშკარად სხვა მიმართულებით იდგა, არა და მობრუნებაც თითქოს ეზარება, მაგრამ არა, რიტუალი უკვე მასშია, მის სიღრმეშია, აღარ გაუშვებს არც მას და მითუმეტეს არც სიზარმაცეს. მოაბრუნა ჩუმად, უხმოდ და ერთი ხელის მოქმედებით მზე მთლიანად შემოიპატიჟა ოთახში. ახლა უკვე თავისუფალია, რაც უნდა ის გააკეთოს, მოქმედებათა მიმდევრობას აღარც ქვეცნობიერი უკონტროლებს და აღარც სხვა ვინმე ან რამე.

მის სხეულს არა, მაგრამ მთელს სივრცეს ოკიანის სუნი ასდიოდა. საოცარი სიმსუბუქე და ჰაეროვნება იგრძნობოდა გარშემო, ფერებშიც კი სისადავე შეიმჩნეოდა - ოკიანე, მისი ფერი, სუნი, ოთახშიც თეთრი, ნიჟარისა და ქოქოსის გულის ფერი ერთმანეთს მეგობრულად ეწყობოდა ისე, რომ არცერთს გაუჩნდებოდა პრეტენზია მე რატომ ჩამმალეთ-ჩამკარგეთო.

სრული კომპოზიციურობა, ფერიდან ფერში გადასვლა, სუნიდან - სუნში, სიჩუმიდან - სიჩუმის ხმაურში და ამ ყველაფერს ემატებოდა მისი სინაზე, სისადავე და მშვენიერება. თითქოს ის იყო და მთელი სამყარო.

მისი მგრძნობელობა მძაფრად შეაფხიზლა შავი ცხელი სითხის სურნელმა, თითქოს თხელ ცხვირთან წაეთამაშა და გაეკეკლუცა თავისი არომატით თავმომწონე. თავიც კი მოაბრუნებინა და ოკიანეს ფონზე, თხელ მარგალიტიესფერ ფაიფურის ფინჯანში ჩაღვრილმა მოწვევა დაახვედრა წინ. მშვენიერების მგრძნობელობა მარტო ამ ფონით ვერ შეივსებოდა, წინ მთავარი არომატი და გემო ელოდებოდა. პირველი დილის გემო და ემოცია უკვე გაიჟღინთა სიამოვნებით. ამ ემოციებსა და შეგრძნებებს ყოველმხრივ ერთი მთლიანობა მოიცავდა - ოკიანე... მთლიანად თავისში ათავსებდა, ყველაფერში ერეოდა შეუმჩნევლად, გაუმძაფრებლად, აუღელვებლად, ისე რომ არასდროს შეგაწუხებდა.

შავი სითხის სუნმა და ეგზოტიკურობამ მზის შუქსა და თვალუწვდენელ სივრცის ფონზე ღამის ფიქრები დაახვედრა წინ მშვენიერებას. ჩაეღიმა, სიამოვნება მის ყოველ ნაკვთს მოეფერა, არ მოერიდა, პირიქით, მიყვა ისე, რომ ღიმილი მეტად დაეფინა მის თვალებს, თვალებს, რომლებიც სადღაც შორს იყურებოდნენ, ისე რომ არც კი შერხეულან. შორიდან რომ შეგეხედათ მშვენიერების ქანდაკება გეგონებოდათ, იდგა და გაჰყურებდა ოკეანეს თვალებზე მორბენალი ღიმილითა და შეურხეველი წამწამებით. თითქოს დროც გაჩერდა, მასაც კი ზედმეტად ელამაზა ეს ყველაფერი. კადრს სიცოცხლეს მხოლოდ მისი ძალიან თხელი, ნიჟარის ფერი კაბის შრიალი აძლევდა, თორემ გეგონებოდა ერთ დიდ ჩარჩოში მოთავსებყულ მშვენიერებას უყურებდიო...

...თხელმა ტერფებმა ცხელ ქვიშაზე სიშიშვლე იგრძნეს, სიშიშვლეს სისველის ემოცია მოჰყვა... უკვე ოკეანე მიესალმა მთელს მის სხეულს. არცერთს ჰქონით უცხოობის მომენტი... მშვენიერება მშვენიერებაში კიდევ უფრო დიდ მშვენიერებად იქცა. საოცარი სიმსუბუქით ტალღებზე დაიწყო ლივლივი, არც კი ინძრეოდა, მთლიანად ენდობოდა, უბრალოდ უსმენდა და ისვენებდა. კიდევერ ერთხელ რწმუნდებოდა, რომ მხოლოდ ტალღებს ესმოდა მისი... რამდენი მსგავსებაა მათ შორის - არასდროს ჩერდებიან, შეუძლიათ ივნენ ძალიან მშვიდი და აუღელვებელი, წამიერი მოღრუბლვა და აბობოქრება ერთია, ისე რომ შეიძება სულიერიც არ დაინდონ, შთანთქან და გაანადგურონ. გარეგნულად ჩვეულებრივები, მაგრამ რა ხდება მათში, შიგნით, სიღრმეში, რთულია ჩააღწიო, მიაგნო, ნახო, გაიგო, აღიქვა და გაითავისო.

მშვენიერება შეიძლება გემშვენიეროს, მაგრამ მისი დატევა და გათავისება უნდა შეგეძლოს, მარტო დანახვა ეს იგივეა რომ დაგაყენონ, გაყურებინონ და გითხრან არ შეეხოო. ჯერ ეცადე მიაგნო, მერე შეათვალიერე, აღიქვი და თუ შეძლებ გაითავისე, შენში შიგნით დაუდე ბინა და ისე გაუფრთხილდი რომ სამუდამოდ მოინდომოს იქ გაჩერება. და თუ კი ვერ შეძლებ მაშინ გაუშვი, გაათავისუფლე და მიეცი ნება მშვენიერებას იმშვენიეროს მშვენიერებაში.

No comments: