აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Friday, November 11, 2011

იქ ბავშვთა სახლში



... მერამდენეღაცა ფურცელი გადვშალე, ღვთისმშობლის სავედრებელს ვკითხულობ და ამ დროს ვხვდები, რომ მთელი ის დრო აქ, ხატების კუთხესთან არ ვდგავარ... ამდენი ფურცელი გადაიშალა და ახლა ვხვდები, რომ გონებით აქ არ ვარ...

სიცივე, ჩამოტყავებული კედლები, ძალიან ძველი და დაჩაჩანაკებული ნივთები, შეშინებული, გაყინული და ზოგიც სასტიკი მზერა... ჯერ სულ პატარები არიან და ამდენი რამე გადაიტანეს... რა ვკითხო არ ვიცი... არც მათ იციან და რა მიპასუხონ? ვინ არიან, საიდან მოვიდნენ ან სად წავლენ... ამათმა რა დააშავეს? არც არაფერი... რა ქნან, რომ გაჩდნენ ამ ქვეყანაზე... სისასტიკემ მათთვის მოიცალა. დაიბადო და სიტყვა „დედა“ ვერ წარმოსთქვა, ეს ხომ მუდმივი კოშმარია, რაც არ მთავრდება... როგორ უნდათ ვინმეს ჩაეხუტნონ, ვინმემ იზრუნოს მათზე, ერთ დღეს გაიღოს კარები და „დედა“ შემოვიდეს, მაგრამ ეს სასტიკი მზერა, არა, უფრო სწორად, „მზერები“ აღარც ამას ელიან. ესენი უკვე სიძულვილმა და ბოღმამ ჩაიგდო ხელში, ნელ-ნელა იმონებს მათ სულებს და უფრო ბნელ და გაყინულ ოთახში იტყუებს სამარადჟამოდ, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მარტონი არიან, არ იციან რა არის სითბო, სიყვარული, რა არის მონატრება, და საიდან უნად იცოდნენ, ან ვინ უნდა ენატრებოდეთ თუ კი ისინი არავის ენატრებათ.

რომ შემეძლოს ყვეალს ერთად შეგკრიბავდით, მე ვიქნებოდი თქვენი „დედა“, მე ვიზრუნებდი თქვენზე, მე მოგეფერებოდით, მე გასწავლიდით, მე გაგათბობდით, მაგრამ მე მხოლოდ ერთი ვარ და ისიც ძალიან სუსტი და მარტოსული. რომ შემეძლოს ყველას ჩაგიხუტებდით და გულწრფელად გეტყოდით, რომ მიყვარხართ და მენატრებით. მე მენატრებით... რომ შემეძლოს გაგრძნობინებდით რა არის მონატრება... გავაქრობდი ამდენ შეშინებულ, გაყინულ და სასტიკ მზერას. მინდა ერთდროულად ყველგან ვიყო, სადაც თქვენ ხართ, მაგრამ მე ერთი ვარ და მე ჩემს ოთახში ვარ.

ვგრძნობ თვალები სველი მაქვს, უკვე ლოცვასაც ვხვდები თუ რას ვკითხულობ, მეც მიგატოვეთ და ახლა ვცდილობ ჩემი თავისთვის ვილოცო... რომ შემეძლოს თქვენთვისაც ვილოცებდი, მაგრამ ჩემთვის ვერ ვლოცულობ...

ღმერთი მოწყალეა...

მოვა დრო და...

რომ შემეძლოს...

No comments: