აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, December 26, 2010

იყო დრო როცა...




ყოველი ღამე გადის იმის სურვილში, რომ ავიღო კალამი და ფურცელი, დავჯდე ჩემთვის, ჩემივე გამოგონილ სამყაროში და სიტყვებისა და აზრების ქაოსი თანმიმდევრულად გადმოვიტანო თეთრ ქაღალდზე. არ ვიცი რა დამემართა. რატომ აღარ ძალმიძს თუნდაც ერთი ლექსის დაწერა. სად გაქრა ის რითმები, ის აზრები, ის მუზები? მენატრება... საუკეთესო მეგობარი მენატრება - წერა მენატრება. ხელი არ მომდევს თითქოს, რომ რაღაც დავწერო. ვითომ ერთი ფრაზა დაიბადა, მას მეორე მოსდევს, მეორეს მესამე, მაგრამ ამ დროს პირველი იშლება, უცებ აღარ მომწონს... ასე ვიწყებ და მაშინვე ვშლი. შემდეგ, თითქოს ის თეთრი ქაღალდი იყოს დამნაშავე იმაში, რომ ვეღარ ვწერ, ისე დავჭმუჭნი, ვითომ რაღაც დამიშავა, ნაგავში მოვისვრი... გაბრაზებული და გულმოსული კიდევ ერთხელ დავრწმუნდები იმაში, რომ წერა აღარ შემიძლია... მენატრება ჩემი გამოგონილი სამყარო...

ყველაფერი ქრება... მუზა... რითმი... ბგერა... 

თითქოს, მხოლოდ თანხმოვნები ჩამომდგარან მწკრივში...

მენატრება უცებ წამოსროლილი ფრაზა და მასზე აგებული ლექსები და ნოველები... მენატრება ის ემოცია, რასაც თუნდაც ქარისგან შერხეული ფარდა იწვევდა ჩემში...

გავიყინე... 

აღარც ემოცია მაქვს და აღარც გრძნობები... გრძნობები? - რატომ სიძულვილი ხომ შემიძლია?! 

მენატრება... 

სიყვარული მენატრება...

ვიცი მოხვალ...

ქვიშის საათი უკვე ამობრუნდა... ძალიან ცოტა დრო რჩება... 

მე სიყვარული აღარ შემიძლია...

No comments: