აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, December 26, 2010

სიბნელე თეთრი ჩრდილებით

ოთახში სიჩუმეა, ფანჯრებიდან მზის სიხივები იჭრებიან, თეთრი ფარდა ჰაეროვნად ირხევა. საწოლზე მიტკალივით ხავერდოვანი ზეწარია გადაფარებული, სრული სიცარიელეა ირგვლივ. გაღებულ კარებში უზარმაზარი ოთახი და ოთახის ცენტრში მხოლოდ შავი როიალი მოჩანს. უეცრად მუსიკის საოცარი მელოდიურობა არღვევს მყურდოებას. როიალზე ნაზი და ლერწამივით გრძელი თითები იწყებს თამაშს. კლავიშების შავ-თეთრი ფონი მოძრაობით ცვლის ერთმანეთს. მისთვის რომ შეგეხედათ იფიქრებდით, თუ კი რამე სილამაზე არსებობს, ღმერთს მისი შექმნისას დაუხარჯავსო. უცნაურ მუზებსა და გრძნობებს მოგგვრის მისი ერთი შეხედვაც კი.  ღია ფანჯრიდან შემოსული ნიავი ნაზად ურხევდა გიშერივით შავ თმებს. იქ რომ შეგეხედათ იტყოდით, თითქოს, ფერთა პალიტრა გამქრალიყო და მხოლოდ შავი და თეთრი დარჩენილაო. თოვლივით ფაფუკი კაბა მსუბუქად უფარავდა სხეულს, შიშველი ფეხი პედალს ეყრდნობოდა. გამჭირვალე ლარნაკში თეთრი ვარდები ეწყო, ნებისმიერი მისი მოძრაობა პეპლის ფარფატს გავდა. მარგალიტისფერ ქაღალდზე ამობეჭდილ შავ ფიგურებს მგრძნობიარე თვალებით ჩასჩერებოდა. მელოდია უსასრულოდ გრძელდებოდა, მაგრამ არცერთი ნოტის ფურცელი არ გადაშლილა. ფანჯრის რაფაზე მტრედი ჩამოჯდა, სწორედ მისმა ფრთხიალმა შეაკრთო ქალი და მოულოდნელად შეაწყვეტინა დაკვრა, თითები შეშინებულმა მოსწყვიტა კლავიშებს, მაგრამ ჩიტის ღუღუნმა უცებვე გაუქრო შიში და ღიმილი მოჰგვარა. ნელი და ჰაეროვანი ნაბიჯით მიუახლოვდა ფანჯარას. ხელებით ჯერ რაფას შეეხო. მტრედი არ დამფრთხალა, ბოლოს ნაზად შეავლო გრძელი თითები ჩიტუნას და სახეზე ისევ ღიმილმა გაუელვა.

თვალისმომჭრელი სხივები ისევ განაგრძობს სარკმელში შემოჭრას, მაგრამ ულამაზეს ქმნილებას ის ვერ აწუხებს. მისი მზერა სადღაც შორს, თითქოს მზის იქით იყურება, სადაც მხოლოდ სიბნელეა ხანდახან თეთრი ჩრდილებით.

No comments: