აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, December 26, 2010

სიძველე, რომელიც წამის წინ ახალი იყო


გადის ყოველი დღე და მეტად გაოგნებული ვრჩები. ძველს თან ვივიწყებ და თან მაინც წარსულში ვიქექები. ვცდილობ ახალი შევქმნა და ახლით ვიცხოვრო, მაგრამ მაინც ძველით ვირთობ თავს. ალბათ, ძველია და იმიტომ.

დილა ახალით დავიწყე... რამდენი ხანია თეთრები არ ჩამიცვამს, დღეს კი უცებ სურვილი გამიჩნდა. ყველაფერი თეთრი მაცვია, თითქოს ეს ფერი სულს მიხალისებს. წესით, დილას, როგორც დაიწყებ ისე გაგრძელდებაო... ამას თუ დავუჯერებთ, ყველაფერი განსხვავებული და ახალი უნდა ყოფილიყო დღეს. კი, ასეც იყო, მაგრამ სიძველის სიყვარულმა მაინც იჩინა თავი. უცნაური სურვილი გამიჩნდა, უცნაური დილისთვის. წიგნების ქექვა დავიწყე, იმ წიგნების, რომლებიც ძალიან ძველია და უკვე მტვერი დასდებია. ისევ სიძველეში გადავეშვი ფიქრებით. ყოველი წიგნი სათითაოდ გადავშალე, გადავხედე და იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ რა ძველია ეს ყველაფერი, იმდენად ძველია, რომ სადღაც მაღლა, კარადაში მოვუძებნეთ ადგილი, ისინი უკვე დროის შესაბამისობაში ვეღარ მოდიან, ახლა ამით აღარავინ დაინტერესდება და ამიტომაც მტვერიც დასდებიათ მათ ფურცლებს.

ფიქრს ფიქრი მოსდევდა, სიძველიდან უფრო შორს, წარსულში ვიჭრებოდი, არ ვიცი რატომ, ან როგორ, მაგრამ წარმოვიდგინე ჯერ როგორ დაიწერა ის ლექსები, მოთხრობები, რომანები, წერილები, ნარკვევები, მერე როგორ იბეჭდებოდა, მერე როგორ ჩნდებოდა ჩვენთან სახლში. ჯერ თაროზე მხოლოდ ერთი წიგნი იდო, ახლა კი იმდენია მთელი დღეები გეყოფა თავის გასართობად. ყოველი ჟანრი, ყოველი თემატიკა, წლების მიხედვით, ნელ-ნელა შემოდიოდა ჩვენს სახლში.

მიკვირს და თან ძალიან... როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა ამდენის შეძენა, ჩუმად, ნელ-ნელა, ისე რომ ბოლოს მთელი ბიბლიოთეკა წარმოგვიდგინა ყველა ასაკის გათვალისწინებით: ძველი ზღაპრებიდან დაწყებული, უახლესით დამთავრებული, ლექსების კრებულები, ყველა გამოჩენილი მწერალი, ქართველიც და უცხოელიც აქ, ამ თაროებზეა. მხოლოდ ლიტერატურული ჟანრი როდია წარმოდგენილი. მე იქ ვნახე ისტორიული კვლევები, საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების ტომეულები, უეცრად გადავედი ქიმიის ფურცლებზე, მერე ფიზიკის... ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა იყო "ალგებრა და ისტორია"_ ისტორიული ამოცანები.

ამ ყველაფერმა სიხარბე მაგრძნობინა. მოთმინება დამაკარგვინა. ყველაფრის ერთად წაკითხვა მომინდა. ყოველი წუთი სიამოვნებას მგვრიდა. თითოეული ფურცლის გადაშლა, ის სუნი, მტვერი, არეულობა... ეს ყველაფერი ჩემშია. რაღაც საერთო ვიგრძენი. ისტორია ხომ მეორდება... ეს წიგნები თავიდან წინა თაროებზე იდო, ყოველ დღე იწმინდებოდა და იკითხებოდა (თითქმის), მაგრამ დღეს მტვერი დასდებიათ და აღარავის ახსოვს. მეც შემთხვევით, სიძველის სიყვარულმა გამახსენა მათი თავი.

დღეს მე ვარ ახალი, მეც ყოველ დღე მიყურებენ და მეფერებიან, გავა დრო და მტვერი მეც დამედება სიბერის სახით. პირველი ნაოჭი იქნება პირველი და შეუმჩნეველი მტვრის ნაწილაკი, და დადგება დღე, როცა ამ მტვერზე შეგეძლებათ თითის მოსმით რაღაც დაწეროთ და მერე წაიკითხოთ.

უი, ჩემი თეთრი ტანსაცმელი!!! მთლიანად მტვრიანი ვარ. გაქრა სითეთრე. უკვე რუხი ფერი შეეპარა მის სიქათქათეს. სიახლის შეგრძნებაც ნელ-ნელა ქრება ჩემში და ისევ სიძველეში ვეშვები. სიძველეში, რომელიც წამის წინ ახალი იყო...

No comments: