აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, December 26, 2010

დახუჭულ თვალს მიღმა ნათება...


თვალებს ვხუჭავ და მაინც ნათელია, უცნაური ნათელი. თავიდან მეც მიკვირდა, როგორ ვხედავდი იმ ნათელს დახუჭული თვალებით, მაგრამ იქ, სიბნელეში, უცნაური სინათლე იყო. მე ბედნიერი ვარ, ყველა გვერდით მყავს! არასდროს მიგვრძვნია სიმარტოვე. თითქმის არც პრობლემები არსებობს. სიბნელეშიც კი სინათლეს ვხედავ...

...თვალებს ვხუჭავ... სინათლე? სად გაქრა სინათლე? ვეღარ ვხედავ იმ უცნაურ ნათელს საშინელ სიბნელეში. მერე რა თუ ის ჩემი გამოგონილი იყო... მაგრამ არა, ამას ახლა ვფიქრობ, რომ ის მე გამოვიგონე. ის სინათლე მართლა არსებობდა დახუჭულ თვალს მიღმა. აბა როგორ დაგიმტკიცო? ახლა ვეღარ ვხედავ. სად არის სინათლე?! არა მე მზეს არ ვეძებ. ის ჩემშია. მე იმ უცნაურ ნათელს ვტირი. გაქრა, წავიდა... ამ სიბნელეში მარტო დამტოვა. ვერ ვიტან სიმარტოვეს, მაშინებს, მზარავს. არაფერი იცვლება...

სიმარტოვე! მეზიზღება ეს სიტყვა!!! კაცმა რომ მკითხოს სიძულვილი არ შემიძლია. არა და ეს სიტყვა მძულს და მართლა მეზიზღება. იმიტომ, რომ სიმარტოვემ თითქოს დამატყვევა და უზარმაზარ ბნელ კოშკში გამომკეტა. მცივა, ძალიან მცივა. უკვე ვკანკალებ. ვერ ვიტან ამ სიბნელეს. ისევ ვხუჭავ თვალებს. იქნებ კვლავ გამოჩნდეს ის უცნაური ნათება. მაინც მცივა, ვერ ვთბები. მხოლოდ სიჩუმის ხმაური. მხოლოდ სიბნელის საშინელი სიმუქე. როგორ მცივა... კოშკის გარეთ არის ყველა, მაგრამ მე შიგნით ვარ. არავის უნდა, რომ აქ შემოვიდეს, იმიტომ რომ ბნელა და ძალიან ცივა. არა და მეც არ მიშვებს ეს სიმარტოვე, რომ გარეთ გავიდე.

რა სავსეა ეს სამყარო და მაინც რა მარტო ვარ. რა ლამაზია ეს სიბნელეც და მაინც ვერ ვტკბები... რა მემართება? ჩემს თავს ვეკითხები და მაინც ვერ ვცხრები... მე სიმარტოვე მეზიზღება და მაინც ვერ ვთბები...

ყველა ჩემს გარშემოა და მაინც მარტო ვარ. უკვე ისე ვარ, რომ ლაპარაკი მეზარება. ყველაფერი სისულელედ მეჩვენება. ვგრძნობ, რომ მარტო სიმარტოვემ კი არა, სასოწარკვეთილებამაც დამიპყრო. პირი შეკრეს, გავძლიერდებითო და ასე უფრო ადვილად დავამარცხებთო. მესამე  მბრძანებელს ელოდებიან... სამიტი აქვთ დაგეგმილი - დეპრესია მობრძანდებაო. მე კი ერთი ვარ და ისიც ცივ და ბნელ კოშკში გამოკეტილი. ხან ვფიქრობ - არ ვიბრძოლებ და ისე დავნებდები სამუდამო ტყვეობას მეთქი... მაგრამ გარეთ თბილა და სინათლეა... გარეთ სიყვარულია, თუმც დამალული... მერე რა, მე მას ვიპოვნი, ოღონდ ჯერ აქედან უნდა გავიდე. როგორ ვცდილობ ის უცნაური ნათელი კვლავ მოვიპოვო, მაგრამ არა მე ისევ ტყვეობაში ვარ. სიმარტოვე, სასოწარკვეთა და დეპრესია - ეს სამი ერთად ნეტავი რას ქმნის? რა ქვია ამ ძალას? არა და როგორ ვცხოვრობდი: სითბო და სიხარულით გამთბარი...

მე გავალ აქედან, მაგრამ მარტო ამის გაკეთება არ შემიძლია... ამაში უკვე დავრწმუნდი... 

No comments: