აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, December 26, 2010

ღამე, მზეც ჩემშია


კაცმა რომ მკითხოს ღამე არ მიყვარს. არა და სინამდვილეში ყველაზე ძალიან მიყვარს. თუნდაც ახლა რატომ ვწერ ამას მაინცდამაინც ღამე, როცა ყველას სძინავს? დავმჯდარიყავი და დღის შუქზე მეწერა, მაგრამ არა მე ღამე მიყვარს. თავისი სიმუქით, თავისი სიჩუმითა და ამ სიჩუმის ხმაურით. ამ დროს  ყველაზე მარტოსული ვარ და თან ყველა ჩემს გვერდითაა. მხოლოდ ღამე ვარ ის "მე", როგორიც სინამდვილეში არსებობს. იქნებ ამიტომაც ვიძახი ხოლმე, რომ ღამე არ მიყვარს მეთქი? პირიქით, მიყვარს და თანაც ძალიან. აი ახლაც კი ვებრძვი საკუთარ თავს. დღისით ვიძახი, ღამე არ მიყვარს მეთქი. ღამე კი სრულიად საპირისპირო აზრი მომყავს. ისე გამომდის, თითქოს მედროვე ვარ და დღისით დღეს ვეპირფერები და ღამით - ღამეს.

დიახ, მე მიყვარს ღამე თავისი ყველაფრით! სწორედ ამ დროს იღვიძებს ჩემში ყველა გრძნობა და ემოცია. ყველაფერზე ფიქრი შემიძლია ამ დროს. თუმცა ეს სიმარტოვე არ მანებებს თავს. უკვე ამასაც ვეჩვევი...

ღამე ძილისათვის არისო... არა და ღამე იღვიძებს ჩემში ცხოვრება. ამ დროს იწყება ოცნება... რა დროს ძილია აბა დაფიქრდი. თუ საყვარელი ადამიანი გიწევს გვერდით, ისიც გააღვიძე და კიდევ ერთხელ აგრძნობინე, რომ გიყვარს. ისე მოიქეცი, თითქოს ეს ღამე უკანასკნელია და აღარ განმეორდება. აააა.... შენ მარტო ხარ? არც შენ დაიძინო :) გამოფხიზლდი და იფიქრე. გაიხსენე ყოველი ლამაზი დღე. წარმოიდგინე, რომ ისევ იქ, იმ გარემოში ხარ და კიდევ ერთხელ დატკბი ყველაფრით. შენ? შენ გენატრება? ეგ არაფერი :) მოდი ერთად წარმოვიდგინოთ:

...ღამეა. ოდნავ ცივა. თუმცა ქვიშას სითბო მაინც შემორჩენია... ტალღები არ ჩერდება. მათ არასოდეს ეძინებათ... მე და ის... გრილა... ძალიან ბნელა. თუმცა ჩემთვის ნათელია. ახლა ჩემშია მზე! მე მარტო არ ვარ! ტალღებიც გრძნობენ ამას და უფრო გამეტებით ენარცხებიან სანაპიროს. თითქოს მათაც უხარიათ ჩემი ბედნიერება... პატარა კოცონი, ცეცხლის ხმა, შორი-ახლოს მე და ის... ჩურჩულით საუბარი, ასე მეტად ლამაზია ყოველი წამი... ვუყურებ მის სახეს და ცეცხლის შუქით დაჩრდილულ ყოველ მის ნაკვთს ვსწავლობ. ყოველი მისი მიმიკა ჩემთვის უკვე ნაცნობია. ახლა თვალებს ვხუჭავ და ჩემი თითებით ვცდილობ ვისწავლო მისი სახე... რა ლამაზია... როგორი ძვირფასია ის ჩემთვის! ამას ვგრძნობ და მიხარია! იმდენად მიხარია, რომ სიხარულს ვეღარ ვიტევ და სუნთქვას ვუმატებ... თითქოს უნდა ავფრინდე... რაღაც უცნაური გრძნობა მიპყრობს... თუმცა ეს გრძნობა ძალიან ლამაზია...

...დავბრუნდი. მე ისევ აქ ვარ, ჩემს ოთახში. მართლა მინდა მესმოდეს იმ ტალღების ხმა და ის ვიღაც - ჩემთან იყოს!!! ხან იმდენად ლამაზია ჩემი ფიქრები, რომ რეალობაში დაბრუნება აღარ მინდა... 

... ისევ ღამეა.  სიჩუმეა. სიჩუმე თავისი ხმაურით. საათის ისრებიც არასდროს იძინებენ და თუ ეცდებიან ხოლმე, ვინ აცდის, მაშინვე გამოაფხიზლებენ. ეს ისრებიც მიყვარს თავისი ხმაურით. გაგიკვირდება ვიცი, მაგრამ მე მიყვარს! აი მოუსმინე. კარგად დააკვირდი. მგონი უკვე გესმის... ხომ ხედავ ეს ტიკტიკიც კი მელოდიურია... ამას დღისით ვერასდროს იგრძნობ, ეს მხოლოდ ღამე ისმის.

შენც გიყვარს ხომ ღამე? :) - მხოლოდ ღამე ვარ ყველაზე სათნო, კეთილი, მიმტევებელი, გათენდება და ისევ დაინგრევა სიკეთისა და სიყვარულის განსახიერება ჩემში. ისევ გადაგიხდი სამაგიეროს, ისევ შეგეპასუხები, ისევ ავიმაღლებ ტონს...

მე მიყვარს ღამე...

მე ღამე ვცხოვრობ...

ღამე - მზეც ჩემშია!!!

No comments: