აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, December 26, 2010

ჰორიზონტს მიღმა...


გაყინულ აბაზანაში გასისხლიანებული ხელებით, ფეხშიშველი იდგა და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში აცნობიერებდა, რომ ის ამად არ ღირდა. კარებს მიღმა კი ბავშვი საწყლად ტიროდა  და დედას  ეძახდა. ამ ყველაფერს თან ერთვოდა წყლის გაუთავებელი შხრიალი. აბაზანა ვეღარ იტევს მის მოცულობას, დგება ტბორი, მაგრამ ქალს რეაქცია აღარ აქვს. მისი გონება იქ აღარ არის. გაშტერებით უყურებს მხოლოდ ერთ წერტილს, თითქოს აბაზანის სიღრმეში ცდილობს რაღაცის დანახვას. სისხლი წვეთ-წვეთად ეცემა წყალში. მისი სიმუქე ჯერ ფერმკრთალდება. სიღრმის ზრდასთან ერთად კლებულობს სიწითლე და ბოლოს მთლიანად ქრება. ქალის ყურადღება სწორედ ამ სურათს დაეპყრო. ეღიმება კიდეც სისხლის წვეთებისგან წარმოქმნილ ფიგურებზე.

წყალი აბაზანის კედლებს ცილდება, ბავშვის ტირილი მატულობს, დედური ინსტიქტები კვდება, მაგრამ რაღაც მაინც რჩება ცხოვრების უკანასკნელ წუთებში. წამიერად მოდის გონზე, უეცარი მოძრაობის გამო ძლიერად ეხეთქება წყლიან მეტლახზე. ტკივილის საშინელმა შეგრძნებამ მოსწყვიტა მისი ცნობიერება წყლის ბუშტუკების სიღრმესა და სისხლის წვეთების ფიგურების ცვალებადობას. თითქოს ოკეანის ნაპირზე გამოირიყა და კენჭებზე გახოხებამ საშინელი ტკივილი აგრძნობინა. მისი მზერა ნათურის შუქმა მიიპყრო, სმენა კი წყლის შხრიალმა. ახლა მეტად ესმის ტალღების ხმა. ბავშვი პალმის ქვეშ ტირის და ხელებს დედისკენ იშვერს, მაგრამ ქალს არ უნდა მზის სხივებს მოშორდეს და ჩრდილში გადაინაცვლოს. მისი მზერა ისევ ტალღებისკენ მიექანება, ცდილობს ჰორიზონტს იქით გაიხედოს, საიდანაც ძლიერი შუქი ანათებს. ამ სიკაშკაშემ ზღვისქაფივით სიმსუბუქე აგრძნობინა. ვეღარც ძველბის ტკივილს გრძნობს, აღარც ბავშვის ტირილი ესმის, კვდება დედური ინსტიქტებიც და საბოლოოდ მაინც ახერხებს ჰორიზონტს მიღმა გაჭრას.

No comments: